არჩევნები 2016

პატრიოტთა ალიანსი: პარლამენტში აუცილებლად შევალთ

პატრიოტთა ალიანსი ლაგოდეხის ოფისი / facebook

პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში შევა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა, დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის თქმით, ისინი შედეგით კმაყოფილები არ არიან, რადგან საარჩევნო ბრძოლა უსამართლო იყო, მაგრამ ალიანსი დეპუტატის მანდატებზე უარის თქმას არ აპირებს. რაც შეეხება პარტიის სამოქმედო გეგმას, ლიდერების თქმით, ბრძოლის მეთოდებსა და შემდგომ ნაბიჯებზე ისინი გადაწყვეტილებას 22 ნოემბერს, პატრიოტთა ალიანსის ყრილობაზე მიიღებენ.

"პარლამენტში ჩვენ შევალთ. იმის მოლოდინი, რომ არ შევალთ, არ უნდა იყოს და პარლამენტში ვიმუშავებთ. ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი ბერკეტი. ყველა ბერკეტს ჩვენ აქამდე ვიყენებდით. ახლა კიდევ ერთი ბერკეტია, პარლამენტშიც ვიმუშავებთ და შევალთ აუცილებლად. მე ვრჩები იგივე აზრზე, რომ ჩვენ ვართ მეორე ძალა და არა ნაციონალური მოძრაობა. ჩვენს ამომრჩევლებში არის სხვადასხვა პოზიცია. ყველა გულგატეხილია. ზოგი კონფრონტაციის მომხრეა, ზოგი თვლის, რომ უნდა მივიღოთ ეს შედეგები, ამიტომ 22 ნოემბერს ყრილობა დაინიშნება, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ ჩვენს მხარდამჭერებთან ამ თემებზე", - თქვა დავით თარხან-მოურავმა. 

შეგახსენებთ, რომ ცესკოში ჯერ დაზუსტებით ვერ ამბობენ, გადალახა თუ არა პატრიოტთა ალიანსმა 5%-იანი ბარიერი. 6 უბნის მონაცემების გაუქმების შემდეგ, შესაძლოა, პატრიოტთა ალიანსს 5%-იანი ბარიერის გადასალახად საჭირო ხმები დააკლდეს.

კომენტარები