აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

კლინტონსა და ტრამპს შორის, რიგით მეორე ტელედებატები გაიმართა

Reuters


აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს შორის, რიგით მეორე ტელედებატები გაიმართა.
პრეზიდენტობის კანდიდატებმა მოდერატორების, აუდიტორიისა და ინტერნეტმომხმარებლების კითხვებს უპასუხეს.

დებატების დასაწყისში ტრამპი ახლახან გავრცელებულ ვიდეოს შეეხო, რომელშიც ის ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს. ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ტრამპი აღნიშნავს, რომ ქალებთან ურთიერთობაში ვარსკვლავია და ისინი მას ყველაფრის უფლებას აძლევენ, 2005 წელს არის გაკეთებული. ვიდეოჩანაწერზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მხრიდან ქალებზე სექსუალურ ძალადობას არასდროს ჰქონია ადგილი და იქვე აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონის მეუღლე ბილ კლინტონი ქალებთან მიმართებით გაცილებით უარესად იქცეოდა. მისივე თქმით, ამერიკულ პოლიტიკაში ისე არავის მიუყენებია ქალებისთვის შეურაცხყოფა, როგორც ბილ კლინტონს.

ამასთან, დებატებზე ისლამსა და რუსეთის როლზე ისაუბრეს. ტრამპის თქმით, კლინტონს ყველა მუსლიმი მიგრანტის მიღება სურს და იმაზე საერთოდ არ ფიქრობს, რომ მათ შორის შესაძლოა, ტერორისტებიც იყვნენ. კლინტონმა კი აღნიშნა, რომ მუსლიმები ამერიკული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, მიგრანტთა მიღება კი ადამიანური ვალდებულებაა.

რაც შეეხება რუსეთს, კლინტონმა რუსეთი სირიაში არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა. დემოკრატების კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, აშშ-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს ახორციელებს. დონალდ ტრამპმა კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სირიაში აშშ-ისა და რუსეთის კავშირი წარმატებული იქნებოდა. ჰილარი კლინტონის თქმით კი, სირიაში რუსეთის მთავარი ამოცანა არა ტერორიზმთან, არამედ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ტელედებატების ბოლოს საპრეზიდენტო კანდიდატებს აუდიტორიიდან ჰკითხეს, თუ რას აფასებენ ყველაზე მეტად ერთმანეთში. კლინტონმა ამ კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ ტრამპს კარგი შვილები ჰყავს, ტრამპმა კი თქვა, რომ ჰილარი კლინტონში ყველაზე დასაფასებელი ისაა, რომ ის არასდროს ნებდება.

CNN-ის გამოკითხულთა 57% დებატების გამარჯვებულად კლინტონს მიიჩნევს, 34% ტრამპს.

კლინტონსა და ტრამპს შორის რიგით მესამე დებატები 19 ოქტომბერს შედგება.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები