არჩევნები 2016

პატრიოტთა ალიანსმა ხმათა 4.9933% აიღო, რაც 5%-ზე არ მრგვალდება

პატრიოტთა ალიანსმა წინასწარი მონაცემებით ხმათა 4.9933% აიღო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც ხმათა 99.92%-ს ეყრდნობა, პარტია "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" ხმათა 5%-ს იღებს, რაც კანონმდებლობის მიხედვით არის ის მინიმალური ბარიერი, რომლის გადალახვის შემდეგაც პარტია პარლამენტში ხვდება და მას კანონმდებლობის მიხედვით მინიმუმ 6 მანდატი ენიჭება. 

თუმცა, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პატრიოტთა ალიანსმა 88032 ხმა მიიღო, რაც 4.9933%-ია, ეს რიცხვი კი წესით 5%-ზე არ მრგვალდება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით: 

"საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა".

კოდექსის ჩანაწერი დამრგვალებას საერთოდ არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ნებისმიერი სახის დამრგვალება ბარიერის გადალახვის ლეგიტიმურ საფუძვლად არ უნდა ჩაითვალოს.

კომენტარები