არჩევნები 2016

მარნეულში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის სოფელ ყიზილ-აჯლოში, 48-ე უბანზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

კერძოდ, გამოძიება სსკ 162-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

უწყების ვერსიით, სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ბლოკი პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.

"ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს", - წერია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. "ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა ენმ-ის წევრმა გიორგი ტუღუშმა და დაპირისპირებაში პარტიის მომხრეებისა თუ აქტივისტების მონაწილეობა გამორიცხა. პაატა ბურჭულაძემ კი არჩევნების გაყალბებაზე მიუთითა. ორივე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

კომენტარები