არჩევნები 2016

კალაძე: სრულფასოვანი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა

კახა კალაძე
ქართული ოცნება

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. მან არჩევნებში თითოეული მოქალაქის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მინდა მოგმართოთ ყველას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა, მიუხედავად განწყობისა ამა თუ იმ პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ. ჩვენ ყველამ გამოვიარეთ უმძიმესი წლები. დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის 25-წლიანი ისტორია ჩვენ თვალწინ იქმნებოდა - ჩვენი საშუალებით და მონაწილეობით. ამ პროცესებში ჩვენი სისხლი, ჩვენი ცრემლი და ჩვენი პირადი პატარა თუ დიდი ტრაგედიებია ჩაქსოვილი და ეს ჩვენი საერთო წარსულის სამუდამო შემადგენელი გახდა. ჩვენ დღეს ვქმნით საქართველოს მომავალს, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად შენი - ერთი მოქალაქის ხმას იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სრულფასოვნად და ნორმალურად - ისე, როგორც ტარდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში", - თქვა კალაძემ.

კახა კალაძემ ახალგაზრდებს არჩევნებში განსაკუთრებული ჩართულობისკენ მოუწოდა. 

"განსაკუთრებით გამორჩეულად მინდა მივმართო ახალგაზრდობას: ძალიან მინდა, რომ უკვე თქვენმა თაობამ მოასწროს თანამედროვე, დალაგებულ, აწყობილ და მოწყობილ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ არასწორად გვასწავლიდნენ პატრიოტიზმს - ამ სიტყვამ დაკარგა ფასი და მნიშვნელობა. დაკარგა ის საკრალური საწყისი, რაზეც საუკუნეებია იდგა ჩვენი ქვეყანა და აქამდე მოვედით. თუ ჩვენში არ იდება ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმის გრძნობა ისეთი, როგორიც გენეტიკურად მოგვდგამს ვერაფერს შევქმნით ღირებულს. თქვენ, ახალმა სუფთა თაობამ, უნდა შექმნათ ეროვნული იდეა, ქვეყნის სიყვარულის და პატრიოტიზმის ის კონცეფცია, რაც არ იქნება ხელოვნური, პროპაგანდისტული და უცხო სხეულივით თქვენს მენტალიტეტზე. პატრიოტიზმი არც სხვა ეროვნებების სიძულვილია, არც ჩოხით სიარული და არც სამშობლოს სადღეგრძელო. ეს განათლებაა, ერთმანეთის სიყვარული, ქართულ გენში გამჯდარი ტოლერანტობის გამოყენება და ის საუკუნეებში გამოტარებული ერთობა, რაზეც ეროვნული “მე” აშენეს ჩვენმა წინაპრებმა. ხშირად მითქვამს უფროსი თაობისთვის, კონკრეტულად ჩვენი პარტიის აქტივისტებისთვის, რომ ჩვენ ყველა, მთელი გუნდი, ვართ ოცნების ჯარისკაცები. დღეს მინდა მოგმართოთ თქვენც - ჩვენ ყველა ვართ თქვენი ჯარისკაცები, ახალგაზრდობის მომავლისთვის მებრძოლი ჯარისკაცები და ამაში ერთიანები უნდა ვიყოთ. მიიღეთ მონაწილეობა თქვენთვის სასურველი მომავლის შექმნაში. აუცილებლად მიდით არჩევნებზე. თქვენი მონაწილება საერთო პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილია", - თქვა კახა კალაძემ.

ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები გაიხსნება დილის 8:00 საათზე და დაიხურება საღამოს 20:00 საათზე. 

კომენტარები