არჩევნები 2016

ზაზა პაპუაშვილმა ქართულ ოცნებას საკუთარი შემოსავლის 57% შესწირა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე ქართულმა ოცნებამ 10 286 735 ლარი შემოწირულობა მიიღო. მათ შორისაა, 1109 ფიზიკური პირი, რომელთა ნაწილიც თანამდებობაზე მყოფი პირები არიან. ერთ-ერთია დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, რომელმაც პარტიას საკუთარი შემოსავლის 57% შესწირა.

"ჩვენი ყურადღება მიიპყრეს იმ საჯარო მოხელეებმა, რომელთა მიერ პარტიისთვის გაღებული თანხა, მათი დეკლარირებული შემოსავლის დიდ წილს წარმოადგენდა. ასეთ შემომწირველებს შორის აღმოჩნდნენ:

ზაზა პაპუაშვილი (პარლამენტის წევრი) - ქართულ ოცნებას შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 57% (45 000 ლარი). ამასთანავე, პაპუაშვილმა სამი საბანკო სესხის მომსახურებაზე წლის განმავლობაში დახარჯა 19 819 აშშ დოლარი;

შოთა ხაბარელი (პარლამენტის წევრი) -  ქართულ ოცნებას შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 52% (30 000 ლარი). ხაბარელს, ასევე, უფიქსირდება 50 000 აშშ დოლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი, რომლის მომსახურების თანხამ 2015 წელს 8,400 აშშ დოლარი შეადგინა;

ირაკლი სესიაშვილი (პარლამენტის წევრი) -  ქართულ ოცნებას შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 30% (20 000 ლარი);

გიორგი ხაჩიძე (პარლამენტის წევრი) - გირჩს შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 24% (14 398 ლარი). გარდა ამისა, მას 50,000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი უფიქსირდება, რომლის მომსახურებაზე და უძრავი ქონების ქირის სახით 2015 წელს ხაჩიძემ 7 000 აშშ დოლარი და 4 000 ლარი გადაიხადა;

გიზო მჭედლიძე (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი მდივანი) - პარტიას  სახელმწიფო ხალხისთვის შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 46.6% (60 000 ლარი);

გოგი მეშველიანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი) - ქართულ ოცნებას შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 28% (20 000 ლარი). ასევე, მას აღებული აქვს 15 000 აშშ დოლარისა და 4 600 ლარის ოდენობის საბანკო სესხი;

გიორგი კოპაძე (ახალციხის ყოფილი მერი) - ქართულ ოცნებას შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 14% (10 000 ლარი). ასევე, აღებული აქვს 48 400 ლარის ოდენობის საბანკო სესხი;

ნიკა დვალი (შპს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი) - ქართულ ოცნებას შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 26% (15,000 ლარი);

იური ნოზაძე (სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე) - ქართულ ოცნებას შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 26% (20 000 ლარი). ასევე, აღებული აქვს 72 000 ლარის ოდენობის საბანკო სესხი", - ნათქვამია TI-ის ანგარიშში.

კომენტარები