არჩევნები 2016

ებრაელებისა და ადვენტისტებისთვის არჩევნებზე შაბათს მისვლა პრობლემურია

სინაგოგა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შაბათ დღეს ემთხვევა. ორი რელიგიური ჯგუფისთვის, - საქართველოს ებრაული თემისა და მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიისთვის შაბათი უქმეა, რაც არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებასაც გულისხმობს. შაბათი პარასკევს, მზის ჩასვლიდან იწყება და შაბათს, მზის ჩასვლით მთავრდება. 8 ოქტომბერს, შაბათს, მზე 18:31 წუთზე ჩადის. ამის შემდგომ შაბათის დამასრულებელი რიტუალი [ე.წ ჰავდალა], ებრაული ტრადიცით, დაახლოებით 40-50 წუთს გრძელდება. საარჩევნო უბნები, ზუსტად 20:00-ზე იხურება. იმას, ვინც შაბათს იცავს, ხმის მისაცემად მაქსიმუმ 1.5 საათი რჩება.

"შაბათი არის ძალიან წმიდა დღე. ამ დღეს აკრძალულია საერთოდ, ნებისმიერი სამუშაოს შესრულება, რომელიც არ უკავშირდება რელიგიას. შესაბამისად, შაბათს, ებრაელისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლებელია. შაბათი ჩვენთან გადის დაახლოებით 7 საათზე, შესაბამისად, სადღაც კიდევ 10 წუთი რომ დავამატოთ, ანუ, საკმარისი დრო რჩება, რომ ჩვენ საარჩევნო ურნამდე მისვლა მოვასწროთ და ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენი მოვალეობაც მოვიხადოთ სახელმწიფოს წინაშე.

ჩვენი კომენტარი შევატყობინეთ და, პრინციპში, უკვე გამოხმაურებაც მივიღეთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მთავრობას. მათ მწუხარება გამოთქვეს, რომ ეს ფაქტი ვერ გაითვალისწინეს. ამის გათვალისწინება რომ არ მოხდა, სამწუხარო ფაქტია, სასურველი იქნებოდა ყველას მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და კარგი იქნება, თუ მომავალში ეს იქნება გათვალისწინებული", - განუცხადა ტაბულას რაბინმა ბენსიონ ისრაელაშვილი.

ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წარმომადგენელმა, ბორის ჭარაიამ, ტაბულასთან კომენტარში აღნიშნა, რომ შაბათს არჩევნების დანიშვნა მისი ეკლესიისთვისაც პრობლემურია.

"ჩვენც გაგვიჩნდა კითხვა, რატომ შაბათს? ადრე არჩევნები სხვა დღეს ინიშნებოდა ხოლმე. შაბათი წმიდა დღეა. ეს დღე არის უქმე და რასაკვირველია არჩევნები ამ დღეს ჩვენთვის პრობლემურია. შაბათი იწყება პარასკევს მზის ჩასვლიდან და გრძელდება შაბათს მზის ჩასვლამდე", - აცხადებს ბორის ჭარაია.

კომენტარები