გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ბესელია: ჩემს მეხსიერებაში დადგმულმა კადრებმა გაიელვა

ტაბულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დეპუტატ გივი თარგამაძეზე მომხდარ ტერქატთან დაკავშირებით იმედს იტოვებს, რომ "მოხმდარს პოლიტიკური სარჩული არ მიებმება". ამის შესახებ ბესელიამ მაესტროს ეთერში განაცხადა. ბესელია ასევე ამბობს, რომ მოხმდართან დაკავშირებით მას "დადგმული სცენარები" გაახსენდა.

"ერთი რამ შემიძლია ნამდვილად ვთქვა, ყოველ შემთხვევაში, იმედი მინდა დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხდებები და პოლიტიკური სარჩული არ მოჰყვება ახლა ამ ფაქტს და არ ექნება მცდელობა იმისა, რომ პირდაპირ მოხდეს გარკვეული, ასე ვთქვათ, სცენარის შექმნა. იმიტომ, რომ რაღაცნაირად ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში და გაირბინა იმ კადრებმა, რომელიც თავის დროზე გვახსოვს ჩვენ ხურჩაში დადგმული რაღაც სცენარი. შემდეგ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, თავისუფალი ზონის წარმომადგენელბის მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე და გულწრფელად არ მინდა ვიფიქრო, რომ ამდაგვარი რამ ხდება. ამიტომ, მოდით გამოძიებას მივანდოთ პირველ რიგში ამ საქმის დადგენა, ამ ფაქტის გარკვევა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ შეფასებები", - ამბობს ბესელია.

ტერაქტი დღეს საღამოს, ენმ-ის ცენტრალური ოფისის მიმდებარედ კოლმეურნეობის მოედანზე მოხდა. ავტომობილის აფეთქებისას თარგამაძე ავტომობილში იმყოფებოდა, თუმცა ის მომხდარს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებებით გადაურჩა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფეობში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული. თავად თარგამაძე ამბობს, რომ აფეთქება მისი ფიზიკური განადგურების მოტივით, სავარაუდოდ ავტომობილში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

კომენტარები