არჩევნები 2016

რურუა: ჩემი შტაბის უფროსი დააკავეს, მას იარაღი ჩაუდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატის ნიკა რურუას ინფორმაციით, მისი საარჩევნო შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე დააკავეს. რურუას თქმით, ჯაფარიძეს იარაღი ჩაუდეს.

"ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი, დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა წუხელ გვიან ღამით. ამ უკანონობას ორი მიზანი აქვს: დააშინონ ჩვენი მომხრეები და დეზორგანიზება შეიტანონ ჩვენს მუშაობაში. ცხადია, რომ არც ერთ ამ მიზანს განხორციელება არ უწერია. აუცილებლად ვიმარჯვებთ ხუთ დღეში სიმშვიდით, სიმტკიცით და ერთობით", - წერს რურუა Facebook-ში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

კომენტარები