არჩევნები 2016

რატომ ასესხა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ოცნებას ერთი მილიონი ლარი

ბიძინა ივანიშვილი
NYT

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქართუ ბანკისგან ერთი მილიონი ლარი ისესხა. ქართული ოცნების სესხი ოთხთვიანია, საპროცენტო განაკვეთი კი 11%-ია. ბანკმა პარტიისგან უზრუნველყოფის სახით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიღო. ამ მუხლის მიხედვით, პარტიას, რომელიც არჩევნებში 10%-ს ან მეტს აიღებს, ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს. 

თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის დაფუძნებული ბანკის მიერ, ივანიშვილის დაფუძნებული პარტიისთვის მილიონიანი სესხის მიცემა საარჩევნო შემოწირულობების 60 ათას ლარიანი ლიმიტისთვის თავის არიდებას ჰგავს. ამავდროულად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქართუ ბანკს სესხის ღირებულებას მაღალი ალბათობით არა ქართული ოცნება, არამედ ბიუჯეტი გადაუხდის. 

"ეს არის შეწირულობის გაკეთება პარტიისთვის ისეთი მეთოდით, რომ კანონი ტექნიკურად არ დაირღვეს, რომ პირმა 60 000 ლარზე მეტი არ უნდა შეწიროს. ამასთან ერთად კიდევ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი. ბიუჯეტი რადგან უნაზღაურებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, თითოეულმა გადასახადის გადამხდელმა, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, დავაფინანსეთ ქართული ოცნება და მისი საარჩევნო კამპანია. ასევე, მილიარდერი ამ ფულს იბრუნებს ბიუჯეტიდან, როგორც ეს რამდენჯერმე გააკეთა თუნდაც სოფლად ფულის დახარჯვის შემდეგ 2013 წელს", - ამბობს ხორგუაშვილი.

ქართული ოცნების ფინანსური დეკლარაცია
ფოტო: sao.ge

ოცნების სესხის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი. 

კომენტარები