ლარის კურსი

სებ: კურსის მერყეობა გამოწვეულია მსხვილი ტრანზაქციებითა და საარჩევნო მოლოდინებით

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ლარის კურსთან და ბოლო დროს განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებთან დაკავშირებით პირველი განმარტება გააკეთა. ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციითა და წინასაარჩევნო მოლოდინებით. ამავდროულად, ბანკი განმარტავს, რომ ის სავალუტო ინტერვენციებს მიმართავს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას მაკროეკონომიკური ფაქტორები იძლევა და ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანი კურსის ჭარბი მერყეობის შემცირებაა.

"საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია, მათ შორის, სავალუტო პოლიტიკის ნაწილში, 2013 წლიდან განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ხოლო ეროვნული ბანკის ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანი გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობების შემცირებაა.

შესაბამისად, როდესაც ცალკეული მსხვილი ნაკადები პოტენციურად იწვევენ კურსის გადაჭარბებულ მერყეობას, და თუ ფუნდამენტური ფაქტორები იძლევა ამის შესაძლებლობას, ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ცდილობს მის შერბილებას.

ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო შოკის გავლენა ამოწურულია და კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით - რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები. სწორედ ამ მოკლევადიანი მერყეობების შესარბილებლად განხორციელდა ბოლო ინტერვენციები. მსგავსი ჩარევები ეროვნულ ბანკს ადრეც განუხორციელებია და, ბუნებრივია, მომავალშიც განახორციელებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ჩაერევა ნებისმიერი მერყეობის დროს", - წერია ეროვნული ბანკის კომენტარში. 

გუშინ, 27 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა, რითიც კურსი 26 სექტემბერთან შედარებით 0.7 თეთრით დაასტაბილურა. 22 სექტემბერს კი ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა. 

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 10 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე დაახლოებით 2.31-ის შუალედში მერყეობდა. 26 სექტემბერს ლარის კურსი 2.33-მდე გაუფასურდა, 27 სექტემბერს კი სებ-მა სავალუტო ინტერვენციით კურსი ისევე 2.32-ის ნიშნულთან დააბრუნა. 

გაზაფხულზე სებ-მა სავალუტო ინტერვენციებით დაახლოებით $260 მილიონი შეისყიდა, რამაც ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდა გამოიწვია.

კომენტარები