არჩევნები 2016

NGO-ები: აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს

კამპანია ეს შენ გეხება ეხმაურება ინტერნეტსივრცეში ახალი აუდიოჩანაწერის გავრცელებას, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ვითომდა რევოლუციის გეგმაზე საუბრობენ. NGO-ების განცხადებით, "აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და უკანონო ფარული თვალთვალი/ მიყურადება და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს". აღსანიშნავია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კატეგორიულად უარყოფენ ჩანაწერის ავთენტურობას და მას "უნიჭო მონტაჟს" უწოდებენ.

"არანაკლებ აღმაშფოთებელია ფარული ჩანაწერის შინაარსი, რომელიც შეიცავს დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, გამოძიების დაწყების ვალდებულებას წარმოშობს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტების სრული დაცვით, რათა არ გაჩნდეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების შთაბეჭდილება.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, წინასაარჩევნო გარემოს მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ასევე სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტი.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად და ეფექტურად გამოიძიოს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული ყოველი დანაშაული. აქვე მოვუწოდებთ უსაფრთხოების სამსახურს მიზნობრივად გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღოს სათანადო კანონიერი ზომები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისათვის, რაც არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს", - აცხადებს ეს შენ გეხება.

ფარული აუდიოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში გუშინ, 27 სექტემბერს გავრცელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. სუს-მა ენმ-ის წევრები დაკითხვაზე უკვე დაიბარა. უმცირესობის დეპუტატებმა უწყებები არ ჩაიბარეს და აღნიშნეს, რომ "თავად მოვიდნენ, თუ კითხვები აქვთ".

კომენტარები