სასამართლო სისტემა

მურუსიძე: მაქვს იმდენი ავტორიტეტი, ის გადაწყვეტილება მივიღო, რაც სწორად მიმაჩნია

facebook.com/საქართველოს-იუსტიციის-უმაღლესი-საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. მურუსიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას თქვა, რომ სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა არ არის.

"რას ნიშნავს გავლენიანი ჯგუფი, არიან მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული მოსამართლები, რომელებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეადგენენ, ასევე პარლამენტისა და პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატურები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, ვინ დაინიშნოს მოსამართლედ და ვინ - არა. მე გადაწყვეტილების მიღების დროს ვხელმძღვანელობ იმით, ის მოსამართლეები, რომლებიც მუშობდნენ და დიდი ხნის გამოცდილება აქვთ, არიან ღირსეული კანდიდატები, მათ ვაძლევ ხმას. თუ ეს კლანურობად მიაჩნიათ არასამთვრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელს. კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და გამოიყვანონ ე.წ. თავისი ფალავნები და ნახოს საზოგადოებამ. დავუსვამთ შეკითხვებს, სამართლებრივ ან ნებისმიერ შეკითხვას, რასაც არასამთავრობოები გვთხოვენ რომ დავსვათ. დაანახონ საზოგადოებას, რითი ჯობიან ისინი იმ კანდიდატებს, რომელთაც მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უჭერს", - თქვა მურუსიძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოედგილესთან მიხეილ ჩინჩალაძესთან და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ვალერი ცინცაძესთან გარიგების შესახებ ბრალდებაზე მურუსიძე ამბობს, რომ ისინი მისი მეგობრები არიან და გადაწყვეტილებებს მათგან დამოუკიდებლად იღებს.

"ჩინჩალაძესთან და ცერცვაძესთან ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. მაგრამ მე ვარ იუსტიციის საბჭოს მდივანი და, რაც შეეხება სასამართლოს ინტერესებს და ზოგადად იუსტიციის საბჭოს საქმიანობას, ვმოქმედებ ისე, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ. მე ვარ კონფერენციის მიერ არჩეული საბჭოდ მდივანი და გარწმუნებთ, ლევან მურუსიძეს აქვს იმის უნარი, შნო და ავტორიტეტი სასამართლო სისტემაში, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მას მიაჩნია საჭიროდ", - თქვა მურუსიძემ.

აღსანიშნავია, რომ ლევან მურუსიძეს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები სასამართლო სისტემაზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებენ. ბოლო დროს საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ სისტემაში არსებულ კორუფციაზე ისაუბრა.

კომენტარები