26 მაისის აქციის დაშლა

ჩუგოშვილი 2011 წლის 26 მაისზე: დარბევის უფლება არ არსებობს, ეს იყო კრიმინალი

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

ქართული ოცნების ახალი სახის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, "დარბევის უფლება არ არსებობს". ჟურნალისტებმა ჩუგოშვილს ჰკითხეს, 26 მაისის აქციის დაშლის შესახებ თავის 2011 წლის პოზიციას ისევ იზიარებს თუ არა. საიას ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მაშინ მან აქციის გამართვაზე სამართლებრივი შეფასება გააკეთა, რასაც ახლაც ეთანხმება.

"დარბევის უფლება, ასეთი რამე არ არსებობს. დარბევის, იმ ძალის გამოყენების, ადამიანების დასისხლიანების, ასეთი მასიურად დაკავების, მერე წამების და ა.შ. ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, ეს არც მე არ მითქვამს და არავის არ უთქვამს აბსოლუტურად, რომ დარბევა შეეძლოთ განახორციელონ. ეს იყო კრიმინალი - ის, რაც მოხდა, რა ზომის და რა ფორმაც გამოიყენა სახელმწიფომ - ეს იყო ცალსახა კანონდარღვევა და, შესაბამისად, გამოძიება რაღაც ეტაპამდე მიდის. აქციის გამართვაზე მე გავაკეთე 25 მაისს სამართლებრივი შეფასება, ამ შეფასებას ვიზიარებ დღესაც. იქვე ვთქვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალის გადამეტება, თუმცა ძალის გადამეტება კი არ მოახდინა სახელმწიფომ, ჩაიდინა ძალიან მძიმე დანაშაული და ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვისი ბრალიც იყო", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

2011 წლის 25 მაისის ღამეს საიას იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ "იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მერიის შეტყობინების ვადის ამოწურვის შემდეგ (24:00 საათი) არ დაიშლებიან, პოლიციას მათი დაშლის სამართლებრივი საფუძველი ექნება".

კომენტარები