არჩევნები 2016

ჯანდიერი: ახალგაზრდული ფრთის ლიდერს სიის ათეულში მოხვედრა უნდოდა

ტაბულა

მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრის დავითი ჯანდიერის თქმით,  მათი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის გიორგი თაქთაქიშვილის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ სიის ათეულში ვერ მოხვდა. ჯანდიერი რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს, რომ "მოღალატეები არავის სჭირდება, მაათ შორის, არც დამკვეთს“.

"ის, რაც დღეს მოხდა, ჩვენ ვიცოდით. ამ ადამიანის ყველაზე დიდი და მწვავე გაღიზიანება იწყება იმ პერიოდიდან, როცა მან გაიგო, რომ სიის ათეულში ვერ მოხვდა. დღეს მათი განცხადების დრო დაზუსტდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით, რომ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" საზოგადოებას წარუდგენდა ინფორმაციას იმ საშიშროებების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ახორციელებს. ეს თუ გამიზნული იყო იმისთვის, რომ რაღაცა გადაფარვა მომხდარიყო, ძალიან არასწორია. მოღალატეები არ სჭირდება არავის, მათ შორის, არც დამკვეთს. სამწუხაროდ, ამ ადამიანისგან შექმნეს მოღალატე. გული მწყდება იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც წავიდა და რომლებიც გახდნენ მანიპულაციის მსხვერპლი და რომლებიც გახდნენ მეგობრული ურთიერთობის ბოროტად გამოყენების მსხვერპლი. რა თქმა უნდა, არ არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაფარულია ბოლომდე და ადრე თუ გვიან ისინიც გაიგებენ", - თქვა ჯანდიერმა.

დღეს სახელმწიფო ხალხისთვის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს. ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრები ამბობენ რომ "პარტია გაანეიტრალეს და მისგან აღარაფერი დატოვეს".

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პაატა ბურჭულაძის პარტიას მისი წევრები ტოვებენ. მათ შორის, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის დატოვეს მერაბ მეტრეველმა, გიორგი რუხაძემ და ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები