არჩევნები 2016

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დატოვეს. ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ "სახელმწიფო ხალხისთვის გაანეიტრალეს და მისგან აღარაფერი დატოვეს".

მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის გიორგი თაქთაქიშვილის თქმით, მათთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ურთულესი იყო.

"იქ ჩვენი ადგილი აღარ არის. თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ, ჩვენმა მოძრაობამ, ჩვენმა მეგობრებმა და უამრავმა მოტივირებულმა ახალგაზრდამ ჩავდეთ მთელი სული და გული, ვცდილობდით აგვეშენებინა ის მოძრაობა, რომელიც იქნებოდა რეალური ალტერნატივა იმ უპრინციპო და უპასუხისმგებლო პოლიტიკისა, რომელიც ქვეყანაში ბოლო 25 წლის განმავლობაში მკვიდრდებოდა. სამწუხაროდ, ვფიქრობთ, რომ პარტიის ინტერესებისა და იმ იდეების გარშემო გაერთიანება სათანადოდ ვერ მოხერხდა. აღმოვჩნდით სრულიად ახალ რეალობაში განსხვავებული იდეებითა და მიზნებით. ამ ახალ რეალობაში ჩვენ თავს ვერ ვხედავთ. ჩვენ მართლაც ვიბრძოდით, რომ ეს საქმე მიგვეყვანა ბოლომდე და პაატა ბურჭულაძეს დავხმარებოდით საზოგადოების გაერთიანების საქმეში. სამწუხაროდ, ამის საშუალება თავად პაატა ბურჭულაძემ არ მოგვცა. პარტია, რომელიც დიდი შრომისა და ოფლის ფასად ავაშენეთ, ჩვენ, რომელიც ვიყავით ხერხემალი ამ მოძრაობაში, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ან ნებსით თუ უნებლიეთ, მინიმუმ გაანეიტრალეს და აღარაფერი აღარ დატოვეს", - ამბობს გიორგი თაქთაქიშვილი და აღნიშნავს, რომ შაბათს მათ პაატა ბურჭულაძეს წარუდგინეს ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა "მან გაგვწირა და გასწირა ის იდეები და შრომა, რომელიც ყველამ ერთად ჩავდეთ".

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პაატა ბურჭულაძის პარტიას მისი წევრები ტოვებენ. მათ შორის, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის დატოვეს მერაბ მეტრეველმა, გიორგი რუხაძემ და ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები