არჩევნები 2016

ბურჭულაძე: ცილისწამების გამო ივანიშვილისგან საჯარო ბოდიშს მოვითხოვ

პაატა ბურჭულაძე აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე
სახელმწიფო ხალხისთვის

"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის თქმით, ზეწოლის ქვეშ არიან ბიზნესმენები, რომლებიც მის პარტიას მხარს უჭერენ. ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა „არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო“.

"ზეწოლა ჩემზე და ჩემს მიერ დაარსებულ მოძრაობაზე "სახელმწიფო ხალხისთვის" არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს იდეას, სახელწიფო ჩადგეს ქვეყნის სამსახურში. საქართველოში პოლიტიკა იქამდე იქნება ბინძური საქმე, სანამ ჩვენ შევეგუებით რომელიმე მხარის ბინძურ მეთოდებს და ქმედებას. უზნეობაა, როდესაც პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მიზნით შეეცდები ზიანი მიაყენო ჩემი ცხოვრების ყველაზე საამაყო საქმეს, საქველმოქმედო ფონდ "იავნანას", რომელმაც, პირდაპირი გაგებით, არაერთი ბავშვისა და ოჯახის სიცოცხლე იხსნა. უზნეობაა, როდესაც იჭრები პირად სივრცეში და იმ მიზნით, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტს ავნო, იწყებ სრულიად უსაფუძვლო ჭორების გავრცელებას. ჩვენ, ყველანი დაუყოვნებლივ შესაცვლელი და მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელიც ცდილობს მთელი საზოგადოების მოტყუებას. ბურჭულაძის თქმით, ყველაფერი, რაც ივანიშვილმა მასზე თქვა, სიცრუეა.

"ჩვენს ქვეყანას მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია, საჯაროდ იცრუოს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია. არავის აქვს უფლება, სრულიად უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ მომაყენოს პირადი შეურაცხყოფა და შეეცადოს ჩემი ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების მოტყუებას. ამით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი ამხილა. ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა. მან დამაბრალა, თითქოს თანადგომა მთხოვა და სანაცვლოდ დიდი ფული მოვითხოვე, რაც სრული სიცრუეა. სხვა ყველა წინადადებაც, რაც ჩემს შესახებ ბრძანა, ასევე სრული სიცრუე იყო. აქ მთავარია არა ის, რომ ივანიშვილმა ჩემს შესახებ იცრუა, არამედ ის, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც შეუძლია, ასე უტიფრად მოატყუოს ხალხი და ეს კაცი დღეს ჩვენ გვინიშნავს და გვიხსნის მინისტრებსა და პრემიერმინისტრებს. სიტუაცია საგანგაშოა", - ამბობს ბურჭულაძე.

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ როცა ბურჭულაძეს გვერდით დადგომა სთხოვა, მან "უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი იყო".

"მე სამი წელიწადია, არ მინახავს ეგ კაცი [პაატა ბურჭულაძე], ნაწყენი ვარ, რომ არ დავმალო და ვიყავი ნაწყენი, იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც ვთხოვე - გვერდით დაგვიდექი-მეთქი, უამრავი ფული მოითხოვა მაშინ და შეურაცხყოფილი იყო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, იმის შემდგომ დაბადების დღე, 60 წლისთავი სამჯერ გადაიხადა, სამი წლის განმავლობაში იხდიდა და ერთხელ არ მივსულვარ", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები