ინოვაციები

საქართველოს ინოვაციების დაფინანსებისთვის €24-მილიარდიან ფონდზე წვდომა გაეხსნა

https://euobserver.com

ქართულ საფინანსო დაწესებულებებს ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) €24-მილიარდიან ფონდზე წვდომა გაეხსნათ. EIB-ის ვიცეპრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში. ფონდიდან შეღავათიანი კრედიტის მოზიდვა ქართულ საფინანსო დაწესებულებებს შეეძლებათ, მოზიდული თანხა კი კონკრეტულად ინოვაციებზე, ინოვაციურ სტარტაპებსა და სამეცნიერო პროექტებზე უნდა მიიმართოს.

ინოვაციური ბიზნესპროექტები სარისკოა, ამიტომაც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბანკები და სხვა საფინანსო ორგანიზაციები მათ დაფინანსებას ერიდებიან. ევროკავშირის ფონდიდან მიღებული შეღავათიანი კრედიტით კი ქართულ ბანკებსა და საინვესტიციო ფონდებს საშუალება ექნებათ, სტარტაპების დაფინანსების მოცულობა გაზარდონ. 

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულ ბიზნესებს მსგავს ევროპულ ფონდებზე წვდომა გაეხსნათ. 

"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა ევროპულ ფონდებზე წვდომის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინივაციური ბიზნესის დაფინანსებაზე, კვლევების დაფინანსებაზე - ეს არის ძალიან მაღალრისკიანი ბიზნესი და, შესაბამისად, კომერციულ ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს სჭირდებათ განსაკუთრებული ცოდნა და მხარდაჭერა იმისთვის, რომ აღნიშნული განახორციელონ", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

"შეხვედრა გავმართეთ, რათა თქვენს ბიზნესსექტორს გავაცნოთ ის რესურსები, რომელთა საშუალებითაც საქართველოში ინოვაციების დაფინანსებაა შესაძლებელი. ვიცით, რომ ინოვაციები არის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი და მისი მხარდაჭერით ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ეკონომიკურ განვითარებას", - ამბობს EIB-ის ვიცეპრეზიდენტი ლასლო ბარანიაი.

 

კომენტარები