ქართული ოცნების საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის ნინო გოგუაძის თქმით, „არცერთ ჩემს ამომრჩეველს, არცერთ ადამიანს, ვისთანაც მე მაქვს შეხვედრები და ათასობით ადამიანს შევხვდი ამ საარჩევნო კამპანიის მანძილზე, ასეთი წუხილი [არაფორმალური მმართველობის შესახებ] არ გამოუთქვამს". ტაბულამ გოგუაძეს ჰკითხა, რომ „კვლევებით, მოსახლეობის აზრით, ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს, თქვენ გაწუხებთ თუ არა არაფორმალური მმართველობა?"
ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, „საზოგადოებაში იმდენად ბევრი პრობლემაა და იმდენად მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე საუბრობენ, რომ ამ თემაზე ჩვენ არასდროს არ გვისაუბრია, მათ არასდროს წამოუჭრიათ ეს საკითხი".
კითხვაზე, თავად აწუხებს თუ არა არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში, ნინო გოგუაძე პასუხობს, რომ „2011 წლიდან, საქართველოს კონსერვატიული პარტია არის ქართული ოცნების პარტნიორი პარტია და 2012 წლიდან, როდესაც ეს ალიანსი შედგა, ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი - საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ემზადებოდა. არცერთ ეტაპზე, როდესაც მე ასეთ საპასუხისმგებლო პროცესებში ვიყავი ჩართული, არასდროს მქონია შეხება ბიძინა ივანიშვილთან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შეხვედრას ძალიან ადრეულ ეტაპზე, როდესაც კოალიცია ყალიბდებოდა".
ნინო გოგუაძის თქმით, „ნებისმიერ დროს, როდესაც მეკავა კონკრეტული თანამდებობები, ვიყავი საკრებულოს თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ვიღებდი გადაწყვეტილებას, როგორც იმ თანამდებობაზე მყოფ პირს შეეხებოდა, ჩემი პასუხისმგებლობით და, ბუნებრივია, ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული მაქვს, საკუთარი პასუხისმგებლობით მაქვს მიღებული გადაწყვეტილება".





