ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კვლავ ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაციები მზადდება. თუმცა, ის კონკრეტიკისგან თავს იკავებს. ამის შესახებ კობახიძე რუსთავი 2-თან საუბრობს.
"ჩვენ - პარტიას, როგორც საარჩევნო სუბიექტს, გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მზადდება გარკვეული ქმედებები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ შეუწყობს არჩევნების მშვიდობიან რეჟიმში ჩატარებას. გვაქვს ძალიან კონკრეტული ინფორმაცია, ჯერჯერობით თავს ვიკავებთ კონკრეტიკისგან და ამის გასაჯაროებისგან. ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას, ვცდილობთ, მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პროვოკაციების თაობაზე. არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ, როგორც კი გვექნება ინფორმაცია ამ პროვოკაციების დანაშაულებრივი ხასიათის თაობაზე, აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცველ ორგანოებს", - თქვა კობახიძემ.
კობახიძისვე თქმით, პროვოკაციაზე ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივიდან აქვთ.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი ინფორმაცია - ის, რასაც ვიღებთ, როგორც პოლიტიკური პარტია. მოგეხსენებათ, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკურ პარტიაში, კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობაში, იქ ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და ინფორმაცია ჟონავს, მით უმეტეს, იმ მძიმე გარემოში, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას შიგნით აქვს. დეზორგანიზებულია დღეს ნაციონალური მოძრაობა, აქვს სერიოზული პრობლემები პარტიის შიგნით, აქტივში აქვს მოტივაციის პრობლემა და ასეთ პირობებში მარტივად ჟონავს ინფორმაცია იმ შესაძლო პროვოკაციის თაობაზე, რომელიც მათ ოფისებში იგეგმება. აქედან ვიღებთ ჩვენ ინფორმაციას და არა სამართალდამცველი უწყებებიდან", - თქვა კობახიძემ.





