არჩევნები 2016

თავდემების წევრმა კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა

თავისუფალი დემოკრატების წევრმა ლევან მელიქიამ ნაძალადევის რაიონში საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა. მელიქიას განმარტებითვე, ის ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულობით არასოდეს გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, პარტიისთვის უცნობი იყო მელიქიას გადაწყვეტილება.

„ბევრი ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღე, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა თბილისის მე-17 საარჩევნო ოლქში. ეს ჩემი მშობლიური უბანია, სადაც ყველა მიცნობს და ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკულობით არასოდეს გამოვირჩეოდი, რომ მინდოდა ნაძალადევის რაიონის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა. გარკვეული მიზეზებისა და პარტიაში განვითარებული მოვლენების გამო ვხსნი ჩემს კანდიდატურას "ქართული ოცნების" კანდიდატის - სოფო კილაძის სასარგებლოდ", - ნათქვამია ლევან მელიქიას განცხადებაში.

გიორგი ცაგარეიშვილი კი რუსთავი ორთან საუბარში ამბობს, რომ "პირველად მესმის თქვენგან. ჩვეულებრივად ვთანამშრომლობდით, დაყენებული იყო მისი კანდიდატურა და ჩვენც შესაბამისად, ვმუშაობდით მასთან და მის შტაბთან".

კომენტარები