არჩევნები 2016

კალაძე: წეროვნის მოსახლეობას კომუნალურებისგან გათავისუფლებას არ დავპირებივართ

კახა კალაძე
ქართული ოცნება

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე უარყოფენ, რომ 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას წეროვნის მოსახლეობას კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებას დაპირდნენ. როგორც ცნობილია, ტაბულას ადგილობრივმა მიაწოდა მაშინდელი წინასაარჩევნო დანაპირების ჩამონათვალი, რომელიც, მისი თქმით, დიმიტრი ხუნდაძემ დაარიგა და რომელსაც ხუნდაძის ხელმოწერა აქვს. 

დღეს კახა კალაძე და დიმიტრი ხუნდაძე წინასაარჩევნოდ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ტაბულა დაინტერესდა, თუ ზემოაღნიშნული დაპირება არ შეასრულა ქართულმა ოცნებამ, რატომ უნდა ენდონ მას ახლა?

"ეს სიცრუეა, არასწორი ინფორმაციაა და გთხოვთ, დემაგოგიაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ. დიმიტრი ხუნდაძეს რაც ჰქონდა წარმოდგენილი საარჩევნო კამპანიის დროს, გაასაჯაროვა და A4 ფურცელზე დაბეჭდილი აბსურდული განცხადებები ვფიქრობ, არაა სერიოზული. ანალოგიურად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება დაწეროს A4 ფურცელზე, ხელი მოაწეროს და თქვას, რომ ქართული ოცნების მიერაა წარმოდგენილი", - თქვა კალაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს ყალბი დოკუმენტია. "არ არის ეს ჩემი ხელმოწერა, უფასო გაზს არ დავპირებივარ. ექსპერტიზა ჩაატარეთ. ყალბი დოკუმენტია", - თქვა მან.

ტაბულამ კალაძეს ასევე ჰკითხა - "წეროვანში ადრე ხორცის ქარხანა მუშაობდა, სათბურები მუშაობდა, ბერტა მუშაობდა, არაერთი საწარმო იყო გარშემო, ადამიანები წუხან, რომ თითქმის ყველა დაიკეტა და იმ მცირე შემოსავლის გარეშე დარჩენენ რომელიც ქონდათ, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?"

კალაძის თქმით, "60 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა 4 წლის განმავლობაში. ამ მიმართულების გაგრძელებას მომავალშიც ვაპირებთ. 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ვაპირებთ".

კომენტარები