არჩევნები 2016

ჯაფარიძე: ვითანამშრომლებთ პროდასავლურ ძალასთან, რომელიც ხელს მოაწერს ჩვენს ხედვებს

ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ ვახტანგ მეგრელიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, გირჩი კოალიციას არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გეგმავს. ჯაფარიძის განცხადებით, გირჩის მთავარი მიზანი პარლამენტში იმდენად დიდი ფრაქციით შესვლაა, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ მათ გარეშე მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლოს. მისი თქმით, ამის შემდეგ, გირჩი თანახმაა, ითანამშრომლოს ნებისმიერ პროდასავლურ პარტიასთან, რომელიც გირჩის პრინციპულ ხედვებს "მოაწერს ხელს". ჯაფარიძის თქმითვე, ვახტანგ მეგრელიშვილმაც თავის განცხადებაში იგივე იგულისხმა.

"თუ პარლამენტში აღმოჩნდება რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელს მოაწერს იმ ხედვებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და დათანხმდება, რომ ბიუროკრატია განახევრდეს, სამინისტროების რაოდენობა 19-დან 7-მდე შემცირდეს, შეიცვალოს სოციალური დახმარების სისტემა ისე, რომ ფულს აღარ ვფლანგავდეთ მდიდრებზე და ეს ფული წავიდეს ღარიბებზე, რაც, საბოლოო ჯამში, საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ ეკონომიკა გაიზარდოს სწარაფად, ვინც დათანხმდება იმას, რომ განათლების სისტემა ფუნდამენტურად შეიცვალოს და ამ საბჭოთა სისტემიდან თანამედროვეზე გადავიდეთ და კიდევ ბევრ რაღაცებზე, ცხადია, ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან. გირჩი ამას აკეთებდა ამ პარლამენტშიც. ყოფილა კანონპროექტები, სადაც ხმა მიგვიცია ოცნებასთან ერთად და ყოფილა კანონპროექტები, სადაც ხმა მიგვიცია ნაციონალებთან ერთად. მარტივია ძალიან. ეს თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმაც, რომ თუ ვინმე წამოვა ჩვენთან თანამშრომლობაზე, ჩვენ ვითანამშრომლებთ მათთანაც", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, გუშინ გირჩის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, რომელიც საარჩევნო ბლოკის - სახელმწიფო ხალხისთვის საარჩევნო სიის მე-4 ნომერია, ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს.

"ქართულ ოცნებასთან და ნებისმიერ ძალასთან, გარდა თქვენ მიერ დასახელებული პატრიოტთა ალიანსისა, თემატური თანამშრომლობა სრულიად მისაღებია. [პარლამენტში შესვლის შემდეგ] კოალიციის შექმნას არავისთან არ გამოვრიცხავ, გარდა პატრიოტთა ალიანსისა და დავამატებ კიდევ, ბურჯანაძეს", - თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომენტარები