არჩევნები 2016

თავდემები: ქართული ოცნების კანდიდატი მუქარით ცდილობს მიაღწიოს სასურველ შედეგს

თავისუფალი დემოკრატები ამბობენ, რომ ხარაგაულსა და ბაღდათის ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი მუქარითა და შანტაჟით ცდილობს მიაღწიოს „სასურველ შედეგს“.

"ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს უკვე წაგებული აქვს არჩევნები ბაღდათისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში, რაც მის შეხვედრებზე მოსახლეობასთან ნათლად ჩანს. მას სხვა გზა არ დარჩენია გარდა იმისა, რომ შანტაჟისა და მუქარის გამოყენებით მიაღწიოს სასურველ შედეგს. მსგავსი მეთოდები მისთვის უცხო არ არის. გამგებლად მოსვლის დღიდან იგი იდეალურად შეეწყო ნაციონალური მოძრაობის ქართულ ოცნებაში პორტირებულ წევრებს და მათი მანკიერი თვისებები სრულიად აითვისა. ცდილობს, წარმართოს საარჩევნო კამპანია იმავე მეთოდებით, რასაც ხალხმა 2012 წელს უთხრა უარი", - თქვა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მაჭავარიანის ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთ აქტივისტს და მის ოჯახს ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ.

"განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტიის აქტიურ მხარდაჭერზე რატი იჩქიტიძეზე განხორციელდა არაერთი მუქარა და შანტაჟი. მამამისი ოლეგ იჩქიტიძე დაიბარა ხარაგაულის დასუფთავების უფროსმა და დაემუქრა, თუ მისი შვილი გააგრძელებდა აგიტაციას, მას გაათავისუფლებდა სამსახურიდან", - ამბობს მაჭავარიანი.

თავისუფალი დემოკრატების მტკიცებით, იჩქიტიძის ტელეფონზე სხვადასხვა ნომრიდან ხორციელდებოდა შეაურაცხყოფისა და მუქარის ზარები.

"რამდენიმე დღის წინ დარეკა დეპუტატობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის ძმამ და დაემუქრა, თუ არ შეწყვეტდა ინტერნეტში პოსტების წერას, მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ", - თქვა მაჭავარიანმა.

თავისუფლი დემოკრატები აპირებენ, მუქარის ამსახველი სატელეფონო ჩანაწერი უწყებათაშორის კომისიას გადასცენ.

კომენტარები