გიგიაძე: სომხური მხარის განმარტებით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას არ შეხვედრიან

გიგი გიგიაძე
ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის ცნობით, სომხეთის პრეზიდენტი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია. როგორც გიგიაძე ამბობს, ეს ინფორმაცია სომხური მხარისგან მიიღეს. 

"ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით, ჩვენი ელჩი ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გაიმართა ჩემი პირველი საუბარი აქ, საქართველოში აკრედიტებულ სომხეთის ელჩთან. სომხური მხარის განმარტებით, არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია. ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ ხოლმე. ეს არის, რისი თქმაც შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით. სომხეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ის ცალსახად აღიარებს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მჭიდრო თანამშრომლობას მათთან", - თქვა გიგიაძემ.

ჟურნალისტებმა მინისტრის მოადგილეს შეახსენეს, რომ შეხვედრის დამადასტურებელი ფოტო არსებობს, რომელიც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

"ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც შემიძლია, გითხრათ, ეს არის სომხური მხარის ძალიან ცალსახა განცხადება, მათ მიერ დადასტურებული ფაქტი, რომ არანაირ მსგავს შეხვედრას ადგილი არ ჰქონია.

ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე - შესაძლებელია, მომხდარიყო, უბრალოდ, გადაღება გარკვეული გარემოების ან სიტუაციურად ადამიანების ჯგუფის გადაღება, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ გვაქვს ინფორმაცია. ოფიციალურად სომხური მხარის განცხადება გითხარით", - თქვა გიგიაძემ.

ორშაბათს, 5 სექტემბერს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში ვიზიტით მიემგზავრება.

კომენტარები