თბილისის მერია

ოდიშარია ნარმანიას გადადგომაზე: ასეთი გლობალური კითხვისთვის მზად არ ვარ

ტაბულა

ქართული ოცნების კრწანისის მაჟორიტარი კანდიდატი ბექა ოდიშარია დავით ნარმანიას გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვას "გლობალურს" უწოდებს და ამბობს, რომ პასუხის გასაცემად მზად არ არის. მისი თქმით, როდესაც დეპუტატი გახდება, თბილისის მერზე თავის დამოკიდებულებას მაშინ გააცნობს ჟურნალისტებს. ამასთან, ტაბულას კითხვაზე, არის თუ არა თანამდებობისთვის შესაფერისი ისეთი მერი, რომელიც მოქალაქეს "ვირიშვილ მაიმუნს" ეძახის, ოდიშარია პასუხობს, რომ "არავის არ გვაქვს უფლება ასეთი ტონით საუბრის".

კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა თბილისის მერი დავით ნარმანია, ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, "უიმე, ასეთი გლობალური კითხვისთვის, ალბათ, ამ დილაუთენია ვერ ვიქნები მზად. დავით ნარმანიას მუშაობა რომ შევაფასო, მთლიანად უნდა გავეცნო დეტალებში".

კითხვაზე, როდის იქნება მზად პასუხის გასაცემად, ბექა ოდიშარია პასუხობს, "აი, პარლამენტის წევრად რომ ამირჩევენ... ახლა ბიზნესმენ ბექა ოდიშარიას მიერ გადაყენებული ვერცერთი ქალაქის მერი ვერ იქნება და როცა ამირჩევენ ჩემს პოლიტიკურ ძალასთან ერთად, როდესაც ისევ იქნება ჩვენი პოლიტიკური ძალა მმართველი, მერე დავჯდებით, მოვილაპარაკებთ, ვინ დავნიშნოთ, ვინ გადადგეს, თუმცა, მერობა არჩევითი თანმდებობაა, სხვათაშორის, თბილისში დიდი ხანია, ვცხოვრობ და თბილისის საკითხებს კარგად ვიცნობ... რომელ საათზეა საკრებულოს სხდომა? დავესწროთ, თუ მე მომეცა საშუალება, მეც ჩავერთვები და მერე მოგახსენებთ ჩემს პოზიციას. მერის გადაყენების საფუძველი მე ჯერჯერობით ვერ ვნახე. ამ წუთას თქვენი ნასაუბრებიდან მაქვს მარტო ინფორმაცია. ხედავთ, რომ ვხვდები ადამიანებს, მე საქმით ვართ დაკავებული, თქვენ რომ ამ დიალოგში შემიყვანოთ, ძალიან გაგიჭირდებათ, მე საქმეზე ვარ ორიენტირებული, ჩემთვის პოლიტიკური შუქ-ჩრდილები, ნაადრევად მეჩვენება, მე მაჟორიტარი კანდიდატი ვარ, როგორც კი გავხდები ძველი თბილისის დეპუტატი, მე თქვენ პირობას გაძლევთ, რომ პირველს თქვენ მოგახსენებთ ჩემს დამოკიდებულებას ქალაქის მერზე".

კრწანისის მაჟორიტარ კანდიდატს ასევე ჰკითხეს, რა არის დავით ნარმანიას ყველაზე წარმატებული პროექტი, რაზეც ოდიშარია პასუხობს, "მე ნარმანიას პრომოუტერად გინდათ, გამომიყვანოთ? ვარ კრწანისის მაჟორიტარი, უამრავი საკითხი კეთდება, აგერ არის გამგეობა, აგერ არის მერია".

ტაბულას კითხვის პასუხად კი, "რამდენად არის თანამდებობისთვის შესაფერისი მერი, რომელიც მოქალაქეებს "მაიმუნო ვირიშვილო"-თი მიმართავს", ბექა ოდიშარია ამბობს, რომ "ეს მძიმე თემაა, ჩვენ არავის არ გვაქვს უფლება არავისთან ასეთი ტონით საუბრის, რამდენადაც არ უნდა გვაზიანებდეს ადამიანურად. მე მესმის, ჯერჯერობით არ ვარ პოლიტიკაში შესული, მაგრამ მესმის, რომ ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს, ნუ, რას ვიზამთ, ხანდახან ისეთ უსამართლო რაღაცებს იძახიან, ისეთ ტყუილებს ტირაჟირებენ, მაგრამ მაინც გვიწევს ჩარჩოებში დავრჩეთ. რა თქმა უნდა, არცერთ ადამიანს, ჩემს ოჯახის წევრსაც არ ვამართლებ, როდესაც წყობიდან გამოდის, მაგრამ გესმით"... ხოლო კითხვაზე, "არ აზარალებს ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ ასეთი მერი?" - დეპუტატობის კანდიდატი პასუხობს, რომ "რათ გინდათ ასეთი აპოკალიპტური შეკითხვები, კითხეთ ქართული ოცნების პრესსამსახურს".

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამწვანების საკითხზე გამართული შეხვედრა თბილისის მერსა და გარემოს დამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დამთავრდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, მერია გარემოს დამცველების მოთხოვნების შეასრულებას არ აპირებს და შეხვედრას მხოლოდ რეკლამისთვის მართავს. 

"მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს, მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოდიან", - მიმართა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს.

გუშინ დავით ნარმანიამ საკუთარი მიმართვის გამო ბოდიში მოიხადა. დღეს კი იგი საკრებულოშია დაბარებული.

პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა. დღეს გარემოს დამცველებმა განაცხადეს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას წყვეტენ, თუმცა, აქციებს აგრძელებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს თბილისის მერმა ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა.

კომენტარები