თბილისის მერია

ფერაძე: აქტივისტსა და მერს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ, მე გავაგრძელებ გინებას

ტაბულა

პარტიზანი მებაღის ნატა ფერაძის განცხადებით, "მე ვარ პარტიზანი მებაღე, ყოველთვის ვიგინებოდი და გავაგრძელებ გინებას, ისინი არიან ჩინოვნიკები, სხედან [მერიაში] და სულ სხვა ვალდებულებები აკისრიათ". ფერაძემ ტაბულასთან საუბარში შეაფასა თბილისის მერის დავით ნარმანიას გუშინდელი მიმართვა - "მაიმუნო ვირიშვილო". ასევე, კომენტარი გააკეთა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილთან სიტყვიერ დაპირისპირებაზე.

"თბილისის მერი "მაიმუნო ვირიშვილო"-თი მოგვმართავს, ეს არ არის გასაკვირი და მერე კონტრპასუხად მოგვცემს, რომ ნატა ფერაძემ სამაგიეროდ, ნინო სულხანიშვილს დედა აგინა. მე ვარ პარტიზანი მებაღე, მე ყოველთვის ვიგინებოდი და გავაგრძელებ გინებას, ისინი არიან ჩინოვნიკები, სხედან და სულ სხვა ვალდებულებები აკისრიათ. მე მგონი, მათ ძალიან მოსწონთ ჩვენი ქცევა, უნდათ ასე მოქცევა და ვერ საზღვრავენ განსხვავებას პარტიზან მებაღესა და მერიის ჩინოვნიკს შორის, რომელმაც მინიმუმ რაღაც აკადემიურობა უნდა დაიცვას. მთლად ნინო სულხანიშვილივით რობოტი რომ იყოს, ესეც ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ არაადამიანურია და პირველ რიგში, მერიც უნდა დარჩეს ადამიანად - იაროს ველოსიპედით და შემოვიდეს ცენტრალური შესასვლელიდან, რატომ გვემალება? საიდან შედის, კაციშვილმა არ იცის, მაგრამ "ვირიშვილო მაიმუნო"-ს რომ მეძახის და ხელს მიკაკუნებს, სასაცილოდ იგდებს თავს და ქვეყანას აგდებს სასაცილო მდგომარეობაში. ეს ხომ ისევე გაშუქდება, როგორც ივანიშვილისგან ხის თრევის ამბავი. კომიკურ სიტუაციაში ვართ", - ამბობს ფერაძე და აღნიშნავს, რომ არ შეიძლება, ქალაქს ჰყავდეს ასეთი მერი.

"ორი მთავარი კაცი - ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მე მომიწოდებენ - "ფერაძე გადადექი" - ამას მიყვიროდნენ გუშინდელ სხდომაზე. მერე ვიფიქრეთ, მივხვდით, რომ ალბათ ჭკუიდან უნდა გადავდგე, მე მეტი გადასადგომი ადგილი არ მაქვს და სკამი არ მაქვს", - თქვა ფერაძემ.

პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ნატა ფერაძე გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსს პროტესტის პირველივე დღეს დაუპირისპირდა და უთხრა - "რობოტი ხარ ამის დედა მოვ**ან?". პარტიზანმა მებაღემ ნინო სულხანიშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც, შიმშილობა დაიწყო. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძე პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა ჩაანაცვლა, რომელსაც სასწრაფო დახმარება უკვე ორჯერ დასჭირდა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ გამწვანების საკითხზე გამართული გუშინდელი შეხვედრა თბილისის მერს და გარემოს დამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დამთავრდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, მერია გარემოს დამცველების მოთხოვნების შეასრულებას არ აპირებს და შეხვედრას მხოლოდ რეკლამისთვის მართავს.

"მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს, მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოდიან", - მიმართა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს.

კომენტარები