გამწვანება

"მაიმუნი ვირიშვილი ეს" - ნარმანია გარემოს დამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდა

მერია

გამწვანების საკითხზე გამართულ შეხვედრაზე თბილისის მერს და გარემოს დამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, მერია გარემოს დამცველების მოთხოვნების შეასრულებას არ აპირებს და შეხვედრას მხოლოდ რეკლამისთვის მართავს. 

"მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს, მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოდიან" - მიმართა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს.

"ვიფიქრეთ, რომ იქნებ ვიღაცა ჭკვიანმა ურჩია, ადეკვატურად მოიქცეს. მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, სრულიად ზოგად თემებზე იყო საუბარი. დიდი ყანწით, ფიგურალურად დალიეს საკუთარი კარგად მოქცევის სადღეგრძელო. მოთხოვნებზე რეაგირება არ ყოფილა. ჩვენ ვთქვით, რომ თუ გადააყენებენ ამ ორი სამსახურის უფროსს, გავაგრძელებდით დიალოგს, მაგრამ ქალაქის მერმა, მხადალმა დავით ნარმანიამ შეამკო ჩვენი მეგობარი - "გადი აქედან მაიმუნო ვირიშვილო" - მიმართა. ეს არ არის ადეკვატური მთავრობა" - განაცხადა პარტიზანმა მებაღემ ნატა ფერაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მწვანე ალტერნატივის, მწვანე მუშტის და პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლები. შეხვედრა გამწვანების რეგულაციების გამკაცრების საკითხს ეხებოდა. მასში ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისში ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა. 

კომენტარები