ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა სავალაუტო აუქციონზე $20 მილიონი შეისყიდა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) დღეს სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი შეისყიდა. სებ-ის ეს ნაბიჯი ლარის კურსის მაღალი მერყეობის შესაჩერებლად არის მიმართული. სავალუტო აქციონზე შემდგარმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.278 ლარი შეადგინა, რაც წინა კურსთან შედარებით 0.3 თეთრით ნაკლებია. 

ლარმა გამყარება დაახლოებით 17 აგვისტოდან დაიწყო, იქამდე ერთი თვის მანძილზე კურსი სტაბილურად 2.33-2.34-ს შეადგენდა.

ეს რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული პირველი სავალუტო ინტერვენციაა. გაზაფხულზე სებ-მა ანალოგიური ინტერვენციებით დაახლოებით $200 მილიონი შეისყიდა. 

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - რეზერვებს ყიდულობს.

სავალუტო რეზერვების შესყიდვას მხარს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD-იც უჭერს. EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებით რეზერვების იმ დანაკლისს ივსებს, რაც გასული პერიოდის მანძილზე დაიხარჯა.

კომენტარები