არჩევნები 2016

საია: დაუშვებელია საუბნო კომისიის წევრების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საოლქო კომისიებს მოუწოდებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება, წევრები შეარჩიონ პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კეთილსინდისიერების მიხედვით.

როგორც საიას განცხადებაშია ნათქვამი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევა უნდა მომხდარიყო სიებით, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული.

"საიას დამკვირვებლებისათვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს, ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელად ზემოაღნიშნული სიებით. ამასთან დაკავშირებით, განცხადება თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმაც გააკეთეს. როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით არის დაკომპლექტებული. საუბნო საარჩენო კომისიის წევრთა არჩევის დროს სწორედ მათზე უნდა შეჩერებულიყო არჩევანი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ პროცესში სავარაუდოდ, აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის, გამგებლის/მერის წარმომადგენლები", - ნათქვამია განცხადებაში.

საია-ს თქმით, ის ფაქტი, რომ სიები ხელმისაწვდომი არ იყო ოპოზიციური პარტიების საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, როგორც ეს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამყარებს ეჭვებს წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომელიც საუბნო კომისიების პროფესიული წევრების არა პროფესიული, არამედ პოლიტიკური ნიშნით შერჩევას ისახავს მიზნად.

კომენტარები