უბლოკო სტატუსი

ბერძენიშვილი: როცა ქვეყანა ოკუპირებულია, უბლოკო სტატუსზე საუბარი პროვოკაციაა

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ხერხეულიძე / ლიბერალი

ნინო ბურჯანაძის ინიციატივას საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. დღეს გადაწყდება, შეძლებს თუ არა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა იდეის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების დაწყებას. კომიტეტის თანხმობის შემთხევევაში, მათ 4 თვეში მოუწევთ 200 ათასამდე ხელმოწერის წარდგენა.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ქვეყანაში, რომლის მეხუთედი ოკუპირებულია, უბლოკო სტატუსზე საუბარი პროვოკაციაა.

"როდესაც ქვეყანაში ოკუპანტს უჭირავს ტერიტორიის პროცენტი, თუნდაც 0,001 - აქ უჭირავს 20% და კიდევ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, უბლოკო სტატუსზე ლაპარაკი იმ ქვეყანაში, რომელსაც გაცხადებული აქვს თავისი კურსი ევროინტეგრაციაზე, არის პროვოკაცია. ამ პროვოკაციის საპასუხოდ, დავით უსუფაშვილს გაუჩნდა სწორი აზრი. რადგან ისინი კონსტიტუციურად ითხოვენ რაღაცას, მომავალში ასეთი საუბრები უნდა აღვკვეთოთ ასევე კონსტიტუციურად. თუ კონსტიტუციაში, პრეამბულაში წერია, რომ საქართველო მიისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცისკენ, მაშინ ნინო ბურჯანაძის და სხვების იდეეები და მთელი რუსეთის სპეცსამსახურების ნამუშევარი იქცევა ფარატინა ქაღალდად", - ამბობს ბერძენიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოუწოდა დეპუტატებს, პარლამენტში განიხილონ ინიციატივა, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ფრაზის - "დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში" - ჩამატების შესახებ.

კომენტარები