თავდაცვის სამინისტრო

საზღვაო წვრთნის დროს დაკარგულ ორ ქართველ ჯარისკაცს შავ ზღვაში ამ დრომდე ეძებენ

Facebook.com

გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორ სამხედრო მოსამსახურეს ამ დრომდე ეძებენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

"სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ის მთავრობამ დაავალა აშშ-ის ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

კომენტარები