არჩევნები 2016

ISFED: პრემიერმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია და წყვილს ოქროს ბეჭედი აჩუქა

isfed

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, 6 აგვისტოს, ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახლადდაქორწინებულ წყვილს - იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია საჩუქრების ღირებულებაზე.

კანონმდებლობის თანახმად, თუ პარტიის წარმომადგენლის მიერ მოქალაქისთვის გადაცემული საჩუქრის ღირებულება 100 ლარს არ აღემატება, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და გულისხმობს პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების ათმაგი ოდენობით. ხოლო თუ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.


ფოტო: isfed
სამართლიანი არჩევნები მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, შეისწავლოს საჩუქრების გადაცემის ფაქტი და მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება.

"ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ შეიძინა და ის პროგრამის მიხედვით, ახალდაქორწინებულთათვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა გადაეცა. თუმცა, საბოლოოდ, წყვილს ბეჭედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა. რაც შეეხება საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წყვილისათვის ბრილიანტის ბეჭდის გადაცემას, ამ ფაქტს ხულოს გამგეობა არ ადასტურებს.

სამართლიანმა არჩევნებმა მოიპოვა ფოტომასალა, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ პატარძალს, ნათია დეკანაძეს საჩუქრებს საქართველოს პრემიერმინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცალ-ცალკე გადასცემენ. ორი ბეჭდის საჩუქრად მიღებას ოჯახიც ადასტურებს", - აცხადებს სამართლიანი არჩევნები და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო პერიოდში, შუამთობის დღესასწაულზე ახლადდაქორწინებული წყვილისთვის პარტიული თანამდებობის პირების მიერ ფასიანი საჩუქრების გადაცემა მოხდა.

„სამართლიანი არჩევნები მიიჩნევდა, რომ 2013 წლის 11 აგვისტოს ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ ახლადდაქორწინებული წყვილისთვის ოქროს ბეჭდის გადაცემის ფაქტი ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა", - ნათქვამია Isfed-ის განცხადებაში.

კომენტარები