რუსული ოკუპაცია

თელავში, ვალერი კვარაცხელიას პარტიის ყრილობა ჩაიშალა

თელავში, მუსიკალური სასწავლებლის შენობასთან, პარტია სოციალისტური საქართველოს ყრილობა ჩაიშალა. დაგეგმილი ყრილობის პარალელურად, "გირჩის" და "ახალი საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა კონტრაქცია ჩაატარეს. მათი განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, დაუშვებელია პრორუსული პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტიის დაფუძნება. კონტრაქციის მონაწილეებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.

სოციალისტური საქართველოს წევრები და კონტრაქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ცემის ბრალდებით დააკავეს ყრილობის მონაწილე ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

სოციალისტური საქართველოს დამფუძნებლის ვალერი კვარაცხელიას თქმით, ოკუპაცია საქართველოს არასწორად მოქცევის ბრალია.

"საქართველოს მოუწევს რუსეთთან ახალი ტრაქტატის გაფორმება. ეს არის ნაცადი გზა, ისტორიული გზა, რომელსაც როგორ ვხედავთ, ალტერნატივა არ აქვს. დღეს საქართველო არის სამ ნაწილად დაშლილი, გაჩანაგებული ქვეყანა. რუსეთს ტერიტორიები ოკუპირებული იმიტომ აქვს, რომ ჩვენ ვიქცევით არასწორად, ძალიან არასწორად", - ამბობს ვალერი კვარაცხელია.

კომენტარები