საგარეო ვაჭრობა

ივნისში საქართველოს ექსპორტი 2011 წლის ნიშნულს ჩამოსცდა

brianchristner.io

2016 წლის ივნისში საქართველოს ექსპორტი $167 მილიონი იყო, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო ექსპორტის დონით 2011 წელს არსებულ ნიშნულს ჩამოსცდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი რეკორდულ 88%-ს მიაღწია, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ექსპორტის მეშვეობით თვის მანძილზე იმპორტის მხოლოდ 12% დააფინანსა. ექსპორტის შემცირება საქართველოში არსებულმა სავალუტო კრიზისმა გამოიწვია, რის გამოც ქვეყნის ბიზნესსექტორმა წარმოება შეამცირა, რამაც ექსპორტის კლება გამოიწვია. 

2008 წლიდან მოყოლებული ივნისის თვის ექსპორტი ასე გამოიყურება:

  • 2008 წელი - $187 მილიონი 
  • 2009 წელი - $106 მილიონი
  • 2010 წელი - $122 მილიონი
  • 2011 წელი - $180 მილიონი
  • 2012 წელი - $179 მილიონი
  • 2013 წელი - $233 მილიონი
  • 2014 წელი - $244 მილიონი
  • 2015 წელი - $198 მილიონი
  • 2016 წელი - $167 მილიონი

ლარი ივნისში მკვეთრად გაუფასურდა, პირველ ივნისს ერთი დოლარი 2.14 ლარი ღირდა, 30 ივნისს კი მისი ღირებულება 2.32 ლარს შეადგენდა. ამ გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ექსპორტის კლება იყო. ექსპორტის კლებასთან ერთად ივნისში იმპორტი რეკორდულად გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი გრანტით მიღებული C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები იყო. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ლარის გაუფასურებამ მოსახლეობას კრედიტების მომსახურება გაუძვირა, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობა გაღარიბდა.

”ბოლო 5 წელიწადში ექსპორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, საქსტატის მონაცემებით თითქოს შეიძლება ითქვას, რომ იმპორტი გაიზარდა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მოსახლეობას აქვს ნაკლები ფული, არ აქვს სამსახური, მეტს ხარჯავს თავისი კრედიტის მომსახურებაზე და ნაკლებს - თავისი მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ამავდროულად, 1 ივნისის შემდეგ, ლარი 25 პუნქტით დაეცა. ეკონომიკური ზრდა პირველ 6 თვეში არის 2.9 პროცენტი, ანუ არა ისეთი ოპტიმისტური, როგორც მთავრობა გვეუბნებოდა. თუ ეკონომიკური ზრდა ასეთი ტემპით გაგრძელდა, 2030 წელს გრანადას ან სურინამის სახელმწიფოების დონეზე ვიქნებით", - ამბობს მაჭავარიანი.

კომენტარები