არჩევნები 2016

მეტრეველი: ჩვენი პარტიის სახელით ფულს ითხოვენ და მოძრაობის რეპუტაციას ლახავენ

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში მათი მოძრაობის სახელით უცნობი პირები მოქალაქეებთან სახლში მიდიან და პარტიული შემოწირულობის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხას ითხოვენ. დღევანდელ ბრიფინგზე "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრმა მერაბ მეტრეველმა თქვა, რომ პარალელურად, გარკვეული პირები, აზრის გამოკითხვის საბაბით მოქალაქეებს ესაუბრებიან პოლიტიკურ თემებზე და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მათი მოძრაობის რეპუტაციას ლახავენ.

"ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სატელიტები. გვსურს, ჩვენს თანამოქალაქეებს მოგიწოდოთ: არ შეხვიდეთ შეცდომაში და ჩვენი მოძრაობის სახელით მოსულ არცერთ პირს არ მისცეთ არანაირი ოდენობის თანხა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, აქაც, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს პარტიის რეპუტაციის შელახვასთან. ამ კამპანიის ორგანიზებული ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დაინტერესებული სახელისუფლებო ჯგუფის მიზანმიმართულ შავ პიართან, რომელიც ძველი და გაცვეთილი მეთოდებით აწარმოებს ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლას", - განაცხადა მეტრეველმა.

მოძრაობა კატეგორიულად მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან, დაინტერესდნენ ზემოხსენებული ფაქტებით და გამოიძიონ ეს შემთხვევები.

"კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას - არ აჰყვეს პროვოკაციას - ჩვენი აქტივისტები თქვენთან აუცილებლად მოვლენ მხოლოდ თქვენი პრობლემების მოსასმენად, საქართველოს განვითარების ჩვენ მიერ შემუშავებულ გეგმაზე სასაუბროდ და ცესკოში პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შესაგროვებლად", - თქვა მეტრეველმა.

კომენტარები