საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, "ჭკვიანი, ბრძენი ადამიანი რჩევებს აგროვებს, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს თვითონ". ქუცნაშვილმა ტაბულას კითხვაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რჩევებს ეხებოდა, თქვა, რომ "ხელის გაშვერა - ეს იმის ბრალია, ეს იმან მირჩია - არ აქარწყლებს პასუხისმგებლობას". უმრავლესობის დეპუტატს ტაბულამ ჰკითხა - "თქვენი პარტიის წარმომადგენლები, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ბიძინა ივანიშვილს ეკითხებიან რჩევებს. თქვენც არაერთხელ გითქვამთ, რომ ივანიშვილისთვის გიკითხავთ რჩევა. თქვენი აზრით, ვის უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა ამ რჩევების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე - ბიძინა ივანიშვილს თუ იმ პირებს, ვინც მისი რჩევებით მიიღეს გადაწყვეტილება?".
ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თანამდებობის პირები პასუხისმგებლები არიან საზოგადოების წინაშე მხოლოდ თავად.
"ვერ იქნება პასუხისმგებლობის პასუხის საფუძველი ის, რომ ხატიამ ან ზაქარიამ მირჩიეს. ყველა იმიტომ არის შესაბამის პოსტზე, რომ თვითონ უნდა აგოს პასუხი. ამიტომაც, ჭკვიანი, ბრძენი ადამიანი რჩევებს აგროვებს, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს თვითონ. პასუხისმგებლობის სახით ყველა ინდივიდუალურად აგებს პასუხს. სულ იმას ვამბობ, რომ თუ ვინმე მზად არ არის ამ პასუხისმგებლობისთვის, მან თავი უნდა დაანებოს კეკლუცობას და კონსტიტუციური თანამდებობისადმი მისწრაფებას. ყველა თანამდებობის პირს იმიტომ უხდის საზოგადოება ხელფასს, რომ ჩვენ ჩვენს უბანზე ვართ პასუხისმგებელი. მერე ხელის გაშვერა, რომ ეს იმის ბრალია, ეს იმან მირჩია და ა.შ., ეს არ გიქარწყლებს პასუხისმგებლობას. მე ასე გამზარდეს.
სახელმწიფოს მმართველობა, ჩემი აზრით, ეფუძნება პასუხისმგებლობის პრინციპს, რომელიც შემოფარგლულია შენი თანამდებობრივი უფლებამოსილებებით. მადლობას ვუხდი რჩევის მიმცემებს, ზოგიერთ ქვეყანაში მათ ფულსაც უხდიან. მათ კონსულტანტები ჰქვიათ. ფულსაც უხდიან, მაგრამ შენ იმიტომ ხარ თანამდებობის პირი, რომ გაარჩიო ამ რჩევის ავკარგიანობა, მაგრამ კარგზეც და ცუდზეც პასუხი შენ უნდა აგო. ასეთ რამეს ვამბობ ხოლმე - „კარგი მასწავლებელი ის კი არ არის, რომელიც თავის მოსწავლეს ასწავლის - რა არის კარგი და რა არის ცუდი. კარგი მასწავლებელი ის არის, რომელიც თავის მოსწავლეს ასწავლის ხერხებს, როგორ გაზომოს - რა არის კარგი და რა - ცუდი", - განაცხადა ქუცნაშვილმა.





