ქართული ოცნება

მარგიანი: მე ვინც მიმიწვია, ის არის ძალიან ახლობელი ოცნების, ჯამბული ჰქვია

ტაბულა

პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი, ცეკას ყოფილი მდივანი ავთანდილ მარგიანი ამბობს, რომ საგურამოში, ქართული ოცნების ახალი სახეების წარდგენაზე ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა პირმა მიიწვია. მარგიანის თქმით, ვინც დაურეკა, მას ჯამბული ჰქვია, ხოლო გვარი არ ახსოვს.

"დამირეკეს, რომ ძალიან გთხოვთ, წამობრძანდეთო. ჩვენ ველოდებოდით ბიძინას ჩამოსვლას და ბიძინა რახან არ იყო, არ მივდიოდი მე, მაგრამ რახან დამირეკეს მერე [წავედი], მე გვერდზე ვცხოვრობ. მე ვინც დამირეკა, ის არის ძალიან ახლობელი მაგ ოცნების. მაგათთან არის, დღე და ღამე ერთად არიან. ჯამბული ჰქვია, ჯამბული, გვარი არ მახსოვს", - ამბობს მარგიანი.

ცნობისთვის, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს განცხადებით, პარტიის ახალი სახეების წარდგენაზე ცეკას ყოფილი მდივანი ავთანდილ მარგიანი არ მიუწვევიათ. მათი მტკიცებით, მარგიანის კომენტარი "სპეციფიკური იუმორი" იყო და მას კავშირი არ აქვს ქართულ ოცნებასთან.

პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ავთანდილ მარგიანმა გუშინ საგურამოში, ქართული ოცნების ახალი სახეების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ქართულ ოცნებას უერთდება. 
 

"ერთიანმა საქართველომ გადაწყვიტა უკვე დიდი ხანია, შეუერთდეს ბატონ ბიძინას მიერ დაფუძნებულ მოქალაქეთა კავშირს, ოცნებას. ჩვენ უკვე პირდაპირ მოვიტანეთ დოკუმენტიც, ყველაფერი და 80 000 წევრი გვყავს ამ პარტიებს. პოლიტიკურ გაერთიანება "ერთიანი საქართველოსთვის" შედის 7 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია. დღეს გამოვაცხადეთ და ჩავაბარეთ, რომ ვართ ქართული ოცნების წევრი. მათი პოზიცია იყო ძმობა და სიყვარული. რა თქმა უნდა, [დღეიდან "ოცნების" წევრი ვართ] აბა რა ვართ. ოცნების უფლება ყველას აქვს. ჩვენი ლოზუნგია - "ჩვენი ოცნება შენკენ ისწრაფვის, ჩვენს გულში შენი ბრწყინავს ცისკარი, ივანიშვილო, შენზე ძვირფასი, ვის გვყავს ქართველებს დასაფიცარი. საპარლამენტო სიაში კი არა, შეიძლება, სათავეშიც ვიყო. ვნახოთ", - თქვა გუშინ მარგიანმა.

კომენტარები