მოსამართლეთა არჩევა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს ირჩევს, პარალელურად აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებს ირჩევენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 125 კანდიდატიდან 65 მოსამართლე უნდა შეარჩიონ. 

პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატთა ასოციაციის აქცია მიმდინარეობს. ისინი მოითხოვენ, არ დაინიშნონ ახალი ვადით ის მოსამართლეები, რომელთა წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

„ამ ხალხის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ სასამართლო იმ ჭაობიდან ვერ ამოვა, რაშიც იყო. დღეს გამოჩნდება, იყო თუ არა ქართულ ოცნებასთან გარიგებული მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, როცა საშინელებებს აკეთებდა სასამართლო პროცესზე. დღეს გამოჩნდება, ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია და კახა სოფრომაძე - ქართული ოცნების არჩეული სამი წევრი დაუჭერენ მხარს თუ არა ამ ოდიოზურ ფიგურებს. თუ დღეს ამ ხალხმა მხარი დაუჭირა, ამ უკანონობის უკან გამოდის, რომ დგას ქართული ოცნება", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

125 კანდიდატს შორის არის საბჭოს ორი მოქმედი წევრი - თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი. ასევე, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე. კენჭისყრა ფარულია. მოსამართლეთა დანიშვნისთვის საჭიროა საბჭოს წევრების 2/3-ის თანხმობა.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სისტემის ხარვეზიანობა. ისინი უარყოფითად აფასებენ იმ გარემოებასაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და შემჭიდროებულ ვადებში, პროცედურის სათანადოდ დაცვის გარეშე ჩაატარა კონკურსი. მათი შეფასებით, კანდიდატების უმრავლესობის ცოდნა და მგრძნობელობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო არადამაკმაყოფილებლად დაბალი. ასევე, გასაუბრებების შინაარსი და ფორმატი არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რეალურ მიზანს კანდიდატების დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება წარმოადგენდა.

კომენტარები