განათლების სისტემა

ჯეჯელავა: მასწავლებლებისთვის ვიდეოგაკვეთილის გადაღება სავალდებულო აღარ იქნება

ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემა შეიცვლება - ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა სავალდებულო აღარ იქნება. ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ ვიდეოგაკვეთილების ალტერნატივა, შესაძლოა, გაკვეთილზე სხვა სკოლის პედაგოგების დასწრება იყოს.

“მასწავლებლების განვითარების სქემა, რომელიც ბოლო პერიოდში ინერგება, არის ძალიან პროგრესული, დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებული, კრედიტებზე აგებული სქემა. პირველი ეტაპი, საპილოტო მოსინჯვა ამ სქემისა, დასრულდა. კვლევამ გამოავლინა, რომ მასწავლებლები ძირითადად მხარს უჭერენ. პირველად არის ჩვენს ისტორიაში, რომ ისეთი სქემა შევქმენით, რომელსაც ძირითადად მხარს უჭერენ. მეორე მხრივ, გამოვლინდა ხარვეზები და ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების წყარო იყო ვიდეოგაკვეთილი. ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც რთულად და არაშესაფერისად ჩათვალეს მასწავლებლებმა. მინდა ვთქვა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, სქემას ვავითარებთ და ეს ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაცია მასწავლებლის პროფესიულ კავშირთან, ჩვენს სამსახურებთან. გავაჩენთ ალტერნატივას, ანუ არ ვაუქმებთ, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი. ამის შედეგად ჩვენ მოველით, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული, რომ შემდეგ საფეხურებზე გადავიდეს პროფესიული მომზადების და გაცილებით უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და განათლება მისცეს ჩვენს მოსაწავლეებს“, - თქვა ჯეჯელავამ და აღნიშნა, რომ სქემის მიხედვით, ვიდეოგაკვეთილი მასწავლებელს უნდა გადაეღო და შესაფასებლად გაეგზავნა.

"ვიდეოგაკვეთილს ბევრი ტექნიკური ხარვეზი აქვს. კამერასთან მუშაობა ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულეა. აღმოჩნდა, რომ ვიდეოგაკვეთილი გახდა ერთ-ერთი სერიოზული დისკომფორტი მასწავლებლებისთვის. ადამიანს უნდა ჰქონდეს ალტერნატივები. ვიდეოგაკვეთილის შესაძლებლობა რჩება, თუმცა იქნება ამის ალტერნატივაც. შეიძლება, მასწავლებლებმა სკოლის შიგნით შეაფასონ ერთმანეთი, ასევე, რეგიონებში, სკოლებმა შეაფასონ ერთმანეთი, ანუ დაესწრონ სხვა პედაგოგების გაკვეთილებს“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

მასწავლებელთა განვითარების სქემის მიხედვით, მასწავლებელთა 4 კატეგორია არსებობს - პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი. ვიდეოგაკვეთილის გადაღება პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის იყო სავალდებულო, რითიც ის მაქსიმალური 19-დან 5 კრედიტქულას აგროვებდა.

კომენტარები