აშშ-ის სენატის რეზოლუცია

აშშ-ს სენატი NATO-ს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სენატმა NATO-ს ვარშავის სამიტის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აშშ NATO-ს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში ხაზგასმულია "საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შეტანილი წვლილი, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსების ხარჯვა და საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა".

რეზოლუციაში აღნიშნულია "NATO-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის" მნიშვნელობა. ასევე, NATO-საქართველოს "ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის" როლი საქართველოსა და ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში.

გარდა ამისა, რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხაზგასმულია, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი რუსეთის მიერ უკანონოდ კონტროლირებადი ტერიტორიებია, რომლებსაც 2014 წელს ყირიმიც დაემატა.

რეზოლუციაში აღნიშნულია ისიც, რომ აშშ მხარს უჭერს NATO-ს ძალისხმევას, ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების დასაძლევად. აშშ-ის სენატი ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ვარშავის სამიტზე ერთობის და სოლიდარობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.

NATO-ს რიგით 28-ე სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნა. მასში 58 ოფიციალური დელეგაცია მონაწილეობს.

კომენტარები