შეტაკებები აფხაზეთში - ოპოზიციის მოთხოვნები და რეჟიმის რეაქცია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დღეს შეტაკებები იყო. ოპოზიციის ათასობით წარმომადგენელი შენობის შტურმით აღებას ცდილობდა. მათ უწყების ეზოში შეჭრაც მოახერხეს. საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო. ორიათასამდე მომიტინგე რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ ლეონიდ ძაფშბას გადადგომას ითხოვდა. დემონსტრანტებმა გუშინვე სცადეს ე.წ. სამინისტროს შტურმით აღება, თუმცა, უშედეგოდ.


ფოტო: Sputnik

უკვე დღეს, მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ბრძანების საფუძველზე ძაფშბას უფლებამოსილება შეუჩერდა. ბრძანების თანახმად, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან დროებით ჩამოცილებულია, ე.წ. პროკურატურის მიერ მოკვლევის დასრულებამდე. თუმცა, Sputnik-ის ცნობით, ოპოზიცია ხაჯიმბას გადაწყვეტილებას არ დაელოდა და ბრძანების გამოცხადებამდე, კიდევ ერთხელ სცადა შს სამინისტროს შენობის შტურმით აღება. დემონსტრანტების შესაჩერებლად სამართალდამცველებმა სახანძრო მანქანების მობილიზება დაიწყეს. პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ფოტო: Sputnik

რას ითხოვს ოპოზიცია?

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ე.წ. შს მინისტრის ლეონიდ ძაფშბას თანამდებობიდან მოხსნა იყო. მათი თქმით, ძაფშბას მინისტრობის პერიოდში აფხაზეთში კრიმინოგენური სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა.

გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლები დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს ე.წ. პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზე დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. კერძოდ, მათი თქმით, მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს რეფერენდუმში თავისუფალი არჩევანის გაკეთებას უზღუდავდა.

ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა, 10 ივლისს დანიშნულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებული რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადებაა, იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლებამ არ უზრუნველყო თავისი მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოვლინება. მათ ასევე სურთ, რომ რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლება ვადაგასული პასპორტის მქონე მოქალაქეებსაც მიეცეთ.

რას პასუხობს ე.წ ხელისუფლება?

მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ მზად არის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდეს და მათთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ხაჯიმბამ დღეს დილითვე გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც შს მინისტრ ძაფშბას უფლებამოსილება დროებით, ე.წ. პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდება.

ხაჯიმბას თქმით, მას ესმის, რომ შს მინისტრისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერებით, პრობლემა არ მოგვარებულა.

"პრობლემა ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. ოპოზიციას აქვს სხვა მოთხოვნებიც. მათთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და კანონის შესაბამისად ვიმოქმედოთ. რაც შემეხება მე, - აქ ვარ, სანამ კონსტიტუციის მიხედვით ჩემი პრეზიდენტობის ვადა 2019 წელს არ ამოიწურება", - თქვა ხაჯიმბამ.

მისივე თქმით, მზად არის ვადაგასული პასპორტის მქონე მოქალაქეებს ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება მისცეს.

აქციაზე მომხდარ შეტაკებებს დღეს დე ფაქტო გენერალური პროკურორი, ალექსეი ლომია გამოეხმაურა.

ლომიას თქმით, შეტაკებების გამო, მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე „მასობრივი არეულობის ორგანიზების" მუხლით.

მისივე ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, აქციის შემდეგ, სამართალდამცველებისა და დემონსტრანტების დაპირისპირება სასტუმრო "ინტერ-სოხუმთან" გაგრძელდა. ე.წ. გენერალური პროკურორი ადასტურებს, რომ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 გასროლა დაფიქსირდა, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, რომელთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ლომიას თქმით, პროკურატურაში საქმე ამ ინციდენტზეც აღიძრება.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ხაჯიბამ ეს ინციდენტი, ოპოზიციის მხრიდან ე.წ. ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.


ფოტო: Sputnik

მიმდინარე მოვლენებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ვისურვებდით, გვენახა აფხაზეთი, როგორ სტაბილური და განვითარებული სახელმწიფო და ვიმედოვნებთ, რომ ყველა საკითხი მხოლოდ დებატების შედეგად და კონსტიტუციური გზით გადაწყდება", – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები