ოპოზიციის აქციების შემდეგ, აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერეს

Wikimedia Commons

გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დაახლოებით 1500 ადამიანი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ ლეონიდ ძაფშბას გადადგომას ითხოვდნენ. დემონსტრანტებმა ე.წ. სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადეს და პოლიციასთან მცირე შეტაკებაც მოუვიდათ.

დღეს კი, მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ბრძანების საფუძველზე ძაფშბას უფლებამოსილება შეუჩერდა. ბრძანების თანახმად, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან ჩამოცილებულია დროებით, ე.წ. პროკურატურის მიერ მოკვლევის დასრულებამდე.

ოპოზიციის წარმომადგენლები დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზე დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ამას გარდა, ოპოზიცია 10 ივლისს დანიშნულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებული რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადებასა და ვადაგასული პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლებას ითხოვდა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ხაჯიმბა კი, თავის მხრივ, მზად არის, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდეს და მათთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ასევე, იგი მზადაა, ვადაგასული პასპორტის მქონე მოქალაქეებს ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება მისცეს.

კომენტარები