არჩევნები 2016

რეესტრმა ვაშაძის პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა, ხარვეზი 10 დღეში უნდა გასწორდეს

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადში არსებული ხარვეზების გამო, გიორგი ვაშაძის პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა. მას ხარვეზების აღმოფხვრისათვის ათდღიანი ვადა დაუდგინდა. სააგენტოს ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი სიები არასრულად და შეცდომით არის შევსებული. ამის გამო, სია კანონით განსაზღვრულ პარტიის წევრთა მინიმალურ ოდენობაზე - 1000 წევრზე ნაკლებს შეადგენს. 

"განმცხადებელი გიორგი ვაშაძე მიუთითებდა, რომ სარეგისტრაციო განაცხადს დანართის სახით თან ერთვოდა პარტიის 1 830 წევრის მონაცემები. ამასთან, საერთო სიის გარდა, წარმოდგენილი იყო პარტიის დამფუძნებელ წევრთა სია, რომელიც 357 პირის მონაცემებს შეიცავდა.

მოქმედი კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, წარდგენილი ყველა დოკუმენტის სისწორეს, მათ შორის პარტიის წევრთა სიას ამოწმებს. სააგენტოს მიერ აღნიშნული სიის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულ წევრთა საერთო სიაში შეყვანილია არა 1830, არამედ 1827 პირის მონაცემი, ხოლო მეორე, პარტიის დამფუძნებელ წევრთა სია ორგანული კანონით განსაზღვრულ მონაცემებს სრულად არ შეიცავს" - აცხადებს საჯარო რეესტრი.

სააგენტოს ცნობით, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ორივე სია ერთმანეთს შედარდა, რის შედეგადაც გამოირიცხნენ ის პირები, რომლებიც ერთდროულად ორივე სიაში ფიგურირებდნენ. საბოლოოდ, საერთო ჯამში პირთა მონაცემების რაოდენობამ 1848 შეადგინა.

"ეს 1848 მონაცემი, რომელიც ხელით შევსებული და ხშირ შემთხვევაში რთულად გასარკვევი იყო, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით სრულად გადამოწმდა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 1848 მონაცემიდან სრულყოფილია 636 მონაცემი, 1212 მონაცემი კი ხარვეზიანია" - აცხადებს საჯარო რეესტრი და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი პირის მონაცემებს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ხარვეზი აქვს.

"კერძოდ, ცალკეული რეკვიზიტები - ხელმოწერა, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართი არასრულყოფილად - ზოგ შემთხვევაში შეცდომით, ან საერთოდ არ არის მითითებული. სხვა შემთხვევებში კი მონაცემებში შეტანილია გაუქმებული პირადობის მოწმობის რეკვიზიტები, დუბლირებულია მონაცემები. სიაში ასევე შეყვანილია 1 გარდაცვლილი პირი, ასევე 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე და 11 არასრულწლოვანი, რითაც დარღვეულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმად პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს აქვს. ამასთან, სიის დიდი ნაწილი შეიცავს პირადობის მოწმობების არასრულ მონაცემებს: რიგ შემთხვევაში არასწორად იყო მითითებული მოწმობის ნომერი. მოქმედი კანონის თანახმად, სიის სავალდებულო რეკვიზიტს წარმოადგენს სრული ინფორმაცია პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ.

არსებული ხარვეზების გათვალისწინებით, წარმოდგენილი სიები ორგანული კანონით განსაზღვრულ პარტიის წევრთა მინიმალურ ოდენობაზე - 1000 წევრზე ნაკლებს შეადგენს. 1000 წევრამდე სიის შესავსებად პოლიტიკურ გაერთიანებას 364 წევრის სრულყოფილი, სწორი მონაცემი აკლია.
აღნიშნული ხარვეზის შესახებ პოლიტიკურ გაერთიანებას წერილობით ეცნობა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ათდღიანი ვადა. განმცხადებლის მიერ სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაცხადის განხილვის ყველა ეტაპზე მოქმედებს და გააგრძელებს მოქმედებას კანონის მოთხოვნების შესაბამისად" - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგიმ ვაშაძემ საჯარო რეესტრს სარეგისტრაციო განაცხადით 2016 წლის 8 ივნისს მიმართა. პარტიის რეგისტრაციის ვადა 2016 წლის 8 ივლისს იწურებოდა.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება, ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო სარეგისტრაციო დოკუმენტაციის/მონაცემების გარდა, პარტიის არანაკლებ 1 000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ახალი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის „განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება“.

კომენტარები