ქართველი სამხედროები აფრიკაში

ხიდაშელი: გაერომ ქართველი ჯარისკაცების მიმართ ბრალდებები უნდა უარყოს

Reuters

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი  ცენტრალურ აფრიკაში სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობის  შესახებ ამბობს, რომ ბრალდებები „ძალიან მაღალი ტრიბუნებიდან გაისმა“ და „იმავე სიმაღლიდან“ უნდა უარყონ.

"საგამოძიებო ჯგუფი დაბრუნდა საქართველოში. ამ კვირაში მაქვს დაგეგმილი მათთან ბოლო შეხვედრა, სადაც საბოლოო დოკუმენტი უნდა გავიაროთ. ამასობაში, მე თავად გახლდით გაეროს შტაბ-ბინაში, უკვე პირველადი შედეგებით. ჩვენ მათ წარვუდგინეთ სრული ინფორმაცია. ჩემი მოთხოვნა არის ერთადერთი, დღეს მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ზუსტად ისევე, იმავე ტრიბუნიდან, იმავე ფორმით უნდა გაკეთდეს ახალი განცხადება, როგორც დასდეს ბრალი ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. უნდა თქვან, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და იყო შეცდომა. მაშინვე ვთქვი, რომ მაქვს ფაქტობრივი მიზეზი, მჯეროდეს, რომ ეს არის ტყუილი. დღეს ეს ფაქტობრივი მიზეზი დადასტურებულია საქართველოში მოკვლევით და საგამოძიებო მოქმედებებით, რომელიც ჩავატარეთ ცენტრალურ აფრიკაში.“,- ამბობს ხიდაშელი.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ქართული შენაერთები არ მიიღებენ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას, სანამ გაერო ბრალდებებს არ უარყოფს.

"გამოძიების ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, ჩემი მოთხოვნა რეალიზებული იქნება და ჩვენ მივიღებთ პასუხს გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან. დღეს ჩვენ ძალიან სერიოზული განაცხადი გვაქვს გაკეთებული გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე, ჩვენ დეტალებს ვათანხმებთ, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ქართულმა შენაერთებმა სამშვიდობო მისიებში და ბუნებრივია, ჩემი პირობა არის ძალიან მარტივი - სანამ ეს ბრალდება ჰაერში კიდია, შეუძლებელია, ვილაპარაკოთ რაიმე საგნობრივ თანამშრომლობაზე ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია, ასე უბრალოდ ბრალი დადოს მთელ შეიარაღებულ ძალებს უმძიმეს დანაშაულში და შემდეგ არაფერი არ მოხდეს. არ ვაპირებთ, ეს პროცესი ასე დავასრულოთ. ვუთხარით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, ვინც კურირებს მისიებს, რომ ვითხოვთ ბოდიშს და ამ ინფორმაციის უარყოფას“,- აღნიშნა ხიდაშელმა და დასძინა, რომ გამოძიების ფორმალური პროცედურები 2-3 კვირაში დასრულდება.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ზიდ რაად ალ ჰუსეინმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი და ფრანგი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში 29 იანვარს გამოქვეყნა. საუბარი იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ. ამის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 8 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

კომენტარები