სამართალდარღვევა

შსს: სამართალდამრღვევმა სასულიერო პირმა თვითდაზიანებები მიიყენა

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლამნჩხუთში, სასულიერო პირმა, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, ავტომანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მამა გაბრიელ კახელიშვილმა საპატრულო პოლიცია მის ცემაში დაადანაშაულა.

შსს-ს ცნობით, 26 ივნისს, დაახლოებით დილის 5 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც ნასვამი სასულიერო პირი მართავდა.

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სასულიერო პირს განუმარტა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით, მით უფრო, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იყო არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ, საფრთხეს უქმნიდა თავად მძღოლის, მისი მგზავრებისა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს. სამართალდამცველებმა რომან კ.-ს არაერთგზის შესთავაზეს, რომ თავად მიიყვანდნენ შინ, რასაც მისი მხრიდან აგრესია მოჰყვა. სასულიერო პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. სამართალდამცველებმა რომან კ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს, დაკავებულმა ავტომანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამჟამად ხსენებული პირი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება.უწყებისვე ინფორმაციით, არსებობს მომხდარის სრული ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერითაა გადაღებული. შსს ვიდეომასალას საპატრიარქოს უგზავნის, თუმცა მისი გავრცელებისგან „ამ ეტაპზე" თავს იკავებს.

კომენტარები