Brexit

EU Brexit-ზე: ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ პატივს ვცემთ მას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მარკ რუტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი დღეს ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდნენ. მათ განიხილეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მოსალოდნელი შედეგები და გამოქვეყნეს შემდეგი განცხადება:

"ბრიტანელმა ხალხმა თავისუფალი დემოკრატიული გზით დააფიქსირა საკუთარი სურვილი, რომ დატოვოს ევროკავშირი. ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ პატივს ვცემთ მას.

ეს უპრეცედენტო მდგომარეობაა, მაგრამ ჩვენ ერთიანი ვართ პასუხში. მყარად ვიდგებით და დავიცავთ ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს მშვიდობისა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის. ახლა უკვე 27 ქვეყნის კავშირი განაგრძობს ფუნქციონირებას. ეს კავშირი არის ჩვენი საერთო პოლიტიკური მომავლის ჩარჩო. ჩვენ გვაერთიანებს ისტორია, გეოგრაფია და საერთო ინტერესები, რის საფუძვლეზეც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ერთად ვუპასუხებთ საერთო გამოწვევებს, რათა გავზარდოთ კეთილდღეობა და უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ამ პროცესებში ინსტიტუციები უდიდეს როლს შეასრულებენ.

ამჟამად ჩვენ ველით, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ბრიტანელი ხალხის ამ გადაწყვეტილებას რაც შეიძლება, სწრაფად მოიყვანს სისრულეში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მტკივნეული იქნება ეს პროცესი. ნებისმიერი შეყოვნება გაახანგრძლივებს გაურკვევლობას. ჩვენ გვაქვს კანონები, რომელთა მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე პუნქტში ჩამოყალიბებულია პროცედურები, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ, თუკი ევროკავშირის დატოვებას გადაწყვეტს. მზად ვართ, დავიწყოთ მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთთან იმ პირობებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მის ევროკავშირიდან გასვლას ეხება. სანამ ეს მოლაპარაკებები არ დასრულდება, დიდი ბრიტანეთი რჩება ევროკავშირის წევრად ყველა უფლებითა და ვალდებულებით, რასაც ევროგაერთიანება ითვალისწინებს. ევროკავშირის კანონმდებლობა ძალაშია დიდ ბრიტანეთში მანამ, სანამ ის არ დატოვებს მას.

ახალი შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან ევროკავშირის ფარგლებში, რომელიც ევროსაბჭოში 2016 წლის 18-19 თებერვალს შევიდა, აღარ ამოქმედდება და აღარ გადაიხედება.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორი იქნება. ამ კუთხით ველით შემოთავაზებებს მისგან. ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც მიიღწევა დიდ ბრიტანეთთან, გავლენას იქონიებს ორივე მხარის ინტერესებზე და დაბალანსდება გარკვეული უფლებამოსილებებითა და ვალდებულებებით", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

კომენტარები