რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი დაუზიანდა, პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების კვლავ დაპატიმრებას სთხოვს.
ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 3 ოქტომბერს ქუთაისში დააკავეს და 25 დეკემბერს 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, პროკურორმა ზიტა ჭულუხიძემ მოსამართლეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, "თითოეულ მათგანს განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული ისეთი სასჯელი, რომლითაც მიღწეულ იქნება სასჯელის მიზნები და სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დანაშაულის რესოციალიზაცია".
"ბატონო მოსამართლევ, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, სათანადოდ შეაფასოთ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღოთ ერთადერთი სწორი, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. კერძოდ, ნიკოლოზ ნარსია სცნოთ დამნაშავედ საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით; მირიან დეისაძე სცნოთ დამნაშავედ სსკ 239-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და კახაბერ გაბუნია სცნოთ დამნაშავედ სსკ 239-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტითა და თითოეულ მათგანს განუსაზღვროთ კანონით გათვალისწინებული ისეთი სასჯელი, რომლითაც მიღწეულ იქნება სასჯელის მიზნები და სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დანაშაულის რესოციალიზაცია," - წერია განცხადებაში.
სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი ხულიგნობას, ხოლო 125-ე ცემას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის, რომელთაც ასევე ხულიგნობას ედავებოდნენ, პროკურატურამ გირაო მოითხოვა და ისინი დღეს თავისუფალი არიან. 22 მაისს კორცხელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.





