Brexit

სოროსი: BREXIT-ს სპეკულატორთა გამდიდრება და ამომრჩეველთა გაღარიბება მოჰყვება

Bloomberg

"დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლა ზოგიერთ ადამიანს ძალიან გაამდიდრებს, თუმცა მის შედეგად ამომრჩევლები გაღარიბდებიან." - Guardian-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში წერს ჯორჯ სოროსი.

23 ივნისს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა რეფერენდუმზე უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მხარს უჭერენ თუ არა ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას. მილიარდერი ინვესტორი ჯორჯ სოროსი ღია წერილში კავშირიდან გასვლის შესაძლო რისკებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას გირვანქა სტერლინგის 20%-ზე მეტად გაუფასურებაც შეიძლება მოჰყვეს.

"საფინანსო ბაზარზე გასვლის შედეგები დრამატული და დაუყოვნებლივი იქნება. ლოგიკური იქნება ვივარაუდო, რომ გაუფასურება 20%-ზე მეტი იქნება, რის შედეგადაც გირვანქის ღირებულება დღეს არსებული $1.46-დან $1.15-მდე მაინც შემცირდება. რაც არ უნდა ირონიული იყოს, გასვლის შედეგად გირვანქას ღირებულება დოლართან მიმართებით გახდება იმდენივე რამდენიც დღეს ევროა. ეს კი ნიშნავს, რომ მსყიდველობით გირვანქა "ევროზონაში შევა" ეს კი დიდ ბრიტანეთში წესით არავის არ უნდა უნდოდეს."- წერს სოროსი.

ჯორჯ სოროსი გირვანქა სტერლინგის მკვეთრი დევალვაციით წარსულში, 1992 წლის 16 სექტემბერის "შავ ოთხშაბათს" განხორციელებული "სპეკულატიური" ვაჭრობის შედეგად £1 მილიარდით გამდიდრდა, ახლა კი ის სხვადასხვა ინვესტორთა მხრიდან იგივეს განმეორების რისკებზე საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კავშირიდან გასვლა მოქალაქეთა გაღარიბებას გამოიწვევს.

"ვვარაუდობ, რომ ახლა დევალვაცია 1992 წელს მომხდარ 15%-ზე გაცილებით მეტი იქნება. მე მაშინ სათანადოდ იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ ბრიტანეთის ცენტრალური ბანკისა და ბრიტანეთის მთავრობის ხარჯზე დაახლოებით £1 მილიარდით გავმდიდრდი. თუმცა ახლა ვხედავთ, რომ სპეკულატორები მთელი მსოფლიოდან ელიან ამ გადაწყვეტილებას და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რათა ამომრჩეველთა და მთავრობის შეცდომებზე გამდიდრდნენ." - წერს სოროსი.

დიდი ბრიტანეთი დღეისთვის აშშ-ის შემდეგ მეორე უმსხვილესი იმპორტიორია. ბრიტანეთის სავაჭრო დეფიციტი ყოველწლიურად დაახლოებით $170 მილიარდს შეადგენს, ქვეყანა ამ დეფიციტს სხვა სავალუტო წყაროებით ძირითადად უცხოური ინვესტიციების შედეგად აბალანსებს. ევროკავშირიდან გასვლამ კი დიდი ბრიტანეთის ფინანსურ სტაბილურობას გარკვეული რისკები შეიძლება შეუქმნას, რის გამოც ქვეყანაში სავარაუდოდ ინვესტიციები შემცირდება, რაც გირვანქა სტერლინგის მომავალ დევალვაციას გამოიწვევს. 

"მინდა, რომ მოსახლეობამ საკუთარი არჩევანის შედეგები გაიგოს დღეს, იქამდე სანამ ისინი საარჩევნო ყუთებთან მივლენ, რადგანაც შემდგომში ეს უკვე გვიანი იქნება."- წერს სოროსი. 

85 წლის ჯორჯ სოროსის კაპიტალი დაახლოებით $27.3 მილიარდს შეადგენს, მისი საინვესტიციო ფონდის მოგება 1969 - 2011 წლამდე საშუალოდ 20%-ით იზრდებოდა.

კომენტარები