ეუთო: არჩევნები პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩატარდება

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლები (NAM) მოუწოდებენ ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას(EOM), 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლები გამოგზავნოს. მისიის შეფასებით, არჩევნები პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩატარდება, რაც გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. ანგარიშში ნახსენებია რუსთავი 2-ის საქმე და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტები.  

ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას წინასაარჩევნო კამპანიის დასაკვირვებლად ხელისუფლებამ მიმართა. 26-29 აპრილს საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და შესაბამისი მზადების შესაფასებლად საქართველოში დელეგაცია იმყოფებოდა. მათ რეკომენდაცია უნდა გაეწიათ, გამოეგზავნათ თუ არა დამკვირვებლები და რამდენად იყო ამის საჭიროება. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ანგარიშის თანახმად, დელეგაციასთან შეხვედრისას თანამოსაუბრეების დიდმა ნაწილმა ცესკო-ს მიმართ ნდობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მთლიანობაში ორგანიზაცია პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და გამჭვირვალეა. თუმცა, ზოგმა გამოხატა შეშფოთება ცესკო-ს გაუმჭვირვალობის გამო საშუალო რგოლის კადრების შერჩევისას.

"წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არსებობს მათი თავისუფალი კამპანიის უფლების პოტენციური შეზღუდვის რისკები. ისინი გულისხმობდნენ კანდიდატებზე და მათ მხარდამჭერებზე ზეწოლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებში ხელშეშლას. ისინი ასევე საუბრობდნენ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე, განსაკუთრებით დედაქალაქიდან მოშორებით, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში. ზოგიერთმა თანამოსაუბრემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლის პოტენციურ რისკზე ისაუბრა. ზოგი საუბრობდა, ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ ხისტი რიტორიკის გამოყენებაზე.

მედია გარემო მრავალფეროვანია, მნიშვნელოვნად პოლიტიზირებული და პოლარიზებული. შეშფოთებები გამოითქვა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ სამართლებრივი დავის გამო, ასევე რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტზე ზეწოლის გამო",- წერია განცხადებაში.

ეუთოს მისიის შეფასებით, წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანონმდებლობა არსებითად შეცვლილი არ არის და გაუთვალისწინებელი რჩება ის რეკომენდაციები, რომლებიც კამპანიების დაფინანსებასა და მედიას შეეხება.

რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოში უნდა გამოიგზავნოს 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი ეუთო-ს წევრი სახელმწიფოებიდან, წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე გამოიგზავნოს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი არჩევნების დღეს მონიტორინგის განსახორციელებლად. ისინი ასევე დააკვირდებიან მედიას.

კომენტარები